რელიგია
ივერიის ღვთისმშობლის უძველესი ხატი ზღვამ სოჭის სანაპიროზე გამორიყა და იგი მოციქულთასწორი წმიდა ნინოს ტაძარში დააბრძანეს

ucxoeti-1-ikonaსაქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. სოჭის დასახლება გლოვინკაში დამსვენებელმა იპოვა ხატი, რომელიც შტორმმა ნაპირზე გამორიყა. ქალმა იგი მოციქულთასწორი წმიდა ნინოს ტაძარში მიაბრძანა, სადაც დაადგინეს, რომ ეს ივერიის ღვთისმშობლის ხატია, რომლის უკანა მხარე დათარიღებულია 1896 წლით და დატანებული აქვს წარწერა - დეკანოზი ალექსანდრე სმირნოვი, ქალაქი მოსკოვი.

 

ხატი რვეულის ზომისაა, ვერცხლითა და ოქროთი მოოჭვილი. წყლის ზემოქმედებისგან ცოტა გახუნებულია, თუმცა თავად ღვთისმშობლის გამოსახულება მკაფიოა. ხატს რესტავრაციას გაუკეთებენ, რისთვისაც სპეციალისტების მოზიდვა იქნება საჭირო.

ხატი ამჟამად საკურთხეველზეა დაბრძანებული. ხვალ, 26 ოქტომბერს მის პატივსაცემად საზეიმო ლიტურგია გაიმართება.