პოლიტიკა
საქართველო: პრეზიდენტის არჩევნები–2013

pol-an-2-arCevnebiსაქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს, რომლის შედეგად არჩეული იქნება რიგით მე–4 პრეზიდენტი (სსრკ–ის შემადგენლობიდან გასვლის და 1991 წელს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ აქტის მიღების შემდეგ).

არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 23 კანდიდატი მონაწილეობს (მათ შორის 7 კვალიფიციური სუბიექტი):

მიხეილ სალუაშვილი - №16, ნესტან კირთაძე - №12, შალვა ნათელაშვილი - №9, მამუკა ჭოხონელიძე - №18, გიორგი თარგამაძე - №10, სერგო ჯავახიძე - №3, გიორგი ლილუაშვილი - №2, ლევან ჩაჩუა - №11, ავთანდილ მარგიანი - №19, მამუკა მელიქიშვილი - №21, ნუგზარ ავალიანი - №20, თეიმურაზ ბობოხიძე - №8, თამაზ ბიბილური - №1, დავით ბაქრაძე - №5, გიორგი მარგველაშვილი - №41, კობა დავითაშვილი - №4, აკაკი ასათიანი - №6, ნინო ბურჯანაძე - №14, ნინო ჭანიშვილი - №7, ზურაბ ხარატიშვილი - №15, ქართლოს ღარიბაშვილი - №17, თეიმურაზ მჟავია - №22,

გიორგი ჩიხლაძე - №13.

კენჭისყრისთვის განკუთვნილია 12 საათი20:00–ზე საარჩევნო უბნები დაიხურება. გამარჯვებისთვის კანდიდატს სჭირდება ამომრჩეველთა ხმების 50% + 1 ხმა, სხვა შემთხვევაში მეორე ტური გაიმართება.

სულ საქართველოში, ასევე საზღვარგარეთის 39 სახელმწიფოში, სადაც ქართული დიპლომატიური მისიები არსებობს, გახსნილია 3741 საარჩევნო უბანი. საქართველოს ცესკო–ს მონაცემებით, სულ არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს 3 მილიონ 537 ათას 719 ამომრჩეველი, აქედან 48 458 – საზღვარგარეთ.

(მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდი ქართული დიასპორა – რუსეთშია, რომლის რიცხოვნობა ოფიციალური მონაცემებით 250 ათასს აღემატება, ხოლო არაოფიციალურით, რაც გამომუშავებაზე ჩასულ უკანონო მიგრანტებსაც ითვალისწინებს, 1 მილიონს აღემატება, რუსეთში არ გაიხსნება არცერთი საარჩევნო უბანი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის – შესაბამისად, რუსეთში საქართველოს დიპწარმომადგენლობის (საელჩოს) არარსებობის მიზეზით).

არჩევნებს აკვირდება 20 ათასზე მეტი ადგილობრივი დამკვირვებელი სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან, პოლიტიკური პარტიების და პრეზიდენტობის კანდიდატების 47 ათასი წარმომადგენელი, 1300–ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი – 65 ორგანიზაციიდან და 31 სახელმწიფოდან, აგრეთვე მასმედიის 1400–ზე მეტი წარმომადგენელი (თბილისის რამდენიმე ცენტრალურ რაიონში და საქართველოს რეგიონებში საქინფორმის წარმომადგენლები მუშაობენ).