პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: „ახალი პრემიერის კანდიდატურას გაიგებთ სამშაბათს-ოთხშაბათს, მინისტრთა კაბინეტში კი ცვლილებები პრაქტიკულად არ იგეგმება“

politika-2საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. პრემიერის კანდიდატურას გაიგებთ სამშაბათს-ოთხშაბათს, მინისტრთა კაბინეტში კი პრაქტიკულად არ იქნება ცვლილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, მოიაზრება თუ არა აღნიშნულ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ თემაზე არ ლაპარაკობს.

ამასთან, პრემიერი შეეხო ქალაქგარეთ შემოვლითი ზღუდის მშენებლობის საკითხსაც, რომელზეც მცირე ხნის წინ სააკაშვილმა განმარტებები გააკეთა.

„ქალაქგარეთ ტანკსაწინააღმდეგო ბუნკერებს აშენებდნენ. აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო ხარჯები. ის, რაც შეჩერდა, შემოვლითი რკინიგზა, ბუნკერები, რასაც აკეთებდნენ – აბსოლუტურად გაუაზრებელი იყო და გადაყრილი ფული იყო. ვიღაცებს აინტერესებდათ და ბიუჯეტიდან მიდიოდა სახსრები გაურკვეველი მიმართულებით. და იმიტომაც შეჩერდა. სადაც სისულელეები კეთდებოდა, ყველაფერი შევაჩერეთ და სწორი მიმართულებით გადავალაგეთ“, - აღნიშნა მან.

P.S. მკითხველს შევახსენებთ, რომ საქინფორმის პროგნოზის თანახმად, რომელიც 4 თვის წინ გაკეთდა და შემდგომში მისი მთავარი რედაქტორის ა. ხიდირბეგიშვილის მიერ მრავალჯერ იქნა დადასტურებული მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან ინტერვიუებში, საქართველოს ახალი პრემიერ–მინისტრი იქნება ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი.