აქტუალური
რუსეთის დუმის დეპუტატები ვასილი ლიხაჩოვი და სერგეი კალაშნიკოვი საქართველოში არჩევნებზე ვერ ჩამოვლენ

maia_fanjikidze_9საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის დუმის დეპუტატები ვასილი ლიხაჩოვი და სერგეი კალაშნიკოვი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს არ დააკვირდებიან. ამის შესახებ "დილის კურიერთან" ინტერვიუში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარიჩელა მატეუ პიმმა განაცხადა.

"ჩვენს დელეგაციაში უნდა იყვნენ რუსეთის ფედერაციის წევრები, რომლებიც ევროპის საბჭოს ასამბლეის წევრებიც არიან, თუმცა საქართველოსთან ომის და დაპირისპირების გამო ისინი, სავარაუდოდ, ვერ ჩამოვლენ", - განაცხადა მარიჩელა მატეუ პიმმა.
აღნიშნულ საკითხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს თავისი კანონები აქვს, რომელთაც ყველამ პატივი უნდა სცეს.
„ყველამ, მათ შორის ჩვენმა პარტნიორებმაც უნდა იცოდნენ, რომ ჩვენს კანონებს დავიცავთ. ეს არის ძალიან მარტივი საკითხი და კარგი იქნება, თუ ამ ამბავს გართულება არ მოჰყვება და ჩვენი სახელმწიფოს კანონების მიმართ პატივისცემას გამოამჟღავნებს ყველა, ვისაც შეიძლებოდა პრობლემები შექმნოდა, თუკი გარკვეულწილად ჰქონდა დარღვეული საქართველოს კანონები”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ევროსაბჭოს 26-კაციან დელეგაციაში, რომელიც საქართველოში საარჩევნო პროცესს უნდა დააკვირდეს, რუსეთის დუმის ორი დეპუტატი – ვასილი ლიხაჩოვი და სერგეი კალაშნიკოვი არიან, რომლებსაც “ოკუპაციის შესახებ“ საქართველოს კანონი აქვთ დარღვეული.