საზოგადოება
სააკაშვილი: „ჩემი განსხვავება პრემიერი ივანიშვილისგან ისეთივე ხასიათისაა, როგორც განსხვავდება ჩემი და პრეზიდენტ პუტინის მსოფლმხედველობა. მე მინდოდა თავისუფალი საქართველო, პუტინს კი ეს არ სურს!“

sazog-2-mishaსაქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ საღამოს თბილისში, რიყეზე - დაუმთავრელი პროექტის - თეატრის შენობაში ჯერ კიდევ პრეზიდენტი სააკაშვილი უკანასკნელად რეგიონებიდან ჩამოყვანილ სტუდენტებს შეხვდა და დამშვიდობებისას მათ თავისი ოქტომბრის თეზისები გააცნო.

მიხეილ სააკაშვილი: "ზოგის თავში ფიქრი ხანდახან კვამლად გადაიქცევა; ამ კვამლს ოცნებას ვეძახით. თქვენს მტერს, რაც ეს კვამლი იმას, ვის თავშიაც ასტყდება, ავარდება, საქმეს დაჰმართებს: თვალებს უბრმავებს, ყურებში ბამბას უცობს.
ოცნებიანი თავდაპირველად, უნდა ვსთქვათ, ძლიერ ზარმაცია, ამასთანავე მსუნაგი და უეჭველად ღარიბი. ღიად, ღარიბია და თავდაპირველად გამდიდრებაზედ ოცნებობს, ანუ, უკეთ რომ ვსთქვით, იმაზე, თუ რა კარგია სიმდიდრე. ამიტომ თავი და ბოლო ოცნებიანის ფიქრისა - „ახ, ნეტავიარის.
ფიქრიანი და მოსაზრებიანი კაციც ძლიერ უფრთხის ოცნებას, - უფრთხის იმიტომ, რომ ოცნება - ჯერ ერთი, ტვინს ულაყებს კაცსა და მეორე - საქმეს აცდენს", - ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის ვაჟა-ფშაველას სიტყვები „ქართული ოცნების შესახებ.

...ტემპი და წინსვლა - ეს არის ჩვენი ხელწერა და ახალგაზრდობის მთავარი მიზანი.
უკან დახევა და ტემპის შენელება - ეს არის მათი, წარსული საქართველოს გადმონაშთი...
...იმისათვის, რომ უკან არავინ დაგვაბრუნოს, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდე, ამ ბრძოლაში მე თქვენს მხარეს ვარ...
...ამიტომ ჩვენ არა მხოლოდ არ ვამთავრებთ აქ ბრძოლას, არამედ იწყება ამ ბრძოლის ბევრად უფრო საინტერესო და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი...
...ჩემი განსხვავება პრემიერ-მინისტრ ივანიშვილისგან ისეთივე ხასიათისაა, როგორც განსხვავდება ჩემი და პრეზიდენტ პუტინის მსოფლმხედველობა. მე მინდოდა თავისუფალი საქართველო და ეს ახლაც მინდა. პუტინს კი ეს არ სურს...
...როგორი შეუსაბამოც არის ჩემი და პუტინის ხედვა, ისე ვერასდროს ვერ იქნება შეთანხმებული ჩემი და ივანიშვილის ხედვა..."

...მე უზომოდ მწამს თავისუფლების და მე მწამს საქართველოს მომავლის - ამ ხედვას ალტერნატივა არ აქვს...".