უცხოეთი
ონიშჩენკო მედვედევის თანაშემწედ დანიშნეს

genadiსაქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. გენადი ონიშჩენკო „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელის პოსტიდან გადააყენეს და პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის თანაშემწედ დანიშნეს. ამის შესახებ „რია-ნოვოსტი“ რფ-ის მთავრობის თავმჯდომარის პრესმდივნის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება.

გადადგომის მიზეზად ონიშჩენკოსთან კონტრაქტის ვადის ამოწურვა იქცა. უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად ანა პოპოვა დაინიშნა, რომელსაც 2011 წლის 23 დეკემბერიდან „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა. აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება, მუშაობდა ექიმ-ეპიდემიოლოგად, დაოჯახებულია, ზრდის ორ შვილს.

„როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელად მუშაობისას ონიშჩენკომ სახელი გაითქვა ხმამაღალი განცხადებებითა და რიგი აკრძალვებით. მან არაერთხელ წაუყენა პრეტენზია სხვადასხვა ქვეყანას ამა თუ იმ საკვები პროდუქტის გამო. ერთ-ერთ ბოლო აკრძალვად კი ლიტვიდან რძის პროდუქციის შემოტანის შეზღუდვა იქცა. 8 ოქტომბერს ონიშჩენკომ განაცხადა, რომ ლიტვასთან მეგობრობის მიუხედავად, რუსეთმა ფალსიფიცირებული რძის პროდუქცია არ უნდა მიიღოს. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ლიტვამ განაცხადა, რომ შეუძლია დაბლოკოს სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა რუსეთსა და კალინინგრადის ოლქს შორის.