პოლიტიკა
კიდევ 2 დღე უმაღლესი მთავარსარდალი სააკაშვილი განიცდის: „თბილისის გარშემო ჩემ მიერ დაწყებული სანგრების მშენებლობა, რომლებიც რუსებისგან გვიცავდნენ, მთლიანად შეჩერებულია!“

politika-2-zgudeსაქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო საიდუმლოებაზე საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, უკვე იცის საქართველოს მტერმა. საქმე ეხება თბილისის გარშემო თავდაცვითი ზღუდის მშენებლობის შეჩერებას.

„ადრე ეს იყო სახელმწიფო საიდუმლოება, მაგრამ მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, იმიტომ, რომ მესმის, რომ საქართველოს მტერმა ეს უკვე იცის ისედაც. 2008 წლის შემდეგ, 2009-ში ჩვენ დავიწყეთ თბილისის გარშემო თავდაცვითი ნაგებობების შენება. ყველგან, თბილისის გარშემო, სიმაღლეზე, ჩვენ გავაკეთეთ ბეტონის ბუნკერები და თბილისი დღეს კარგად არის დაცული ამ ბეტონის ბუნკერებიდან და ჩრდილოეთიდან შეტევა თბილისზე არის ძალიან გართულებული, განსხვავებით 2008 წლიდან.

შემდეგ ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ თუ ჩრდილოეთიდან გაუჭირდებოდათ რუსებს შემოტევა, გამოეყენებინათ ამისთვის მათი ბაზები სომხეთის ტერიტორიაზე და ეს გეგმა მუშავდებოდა რუსეთში და ჩვენ ასევე დავიწყეთ დედაქალაქის აქეთა, წითელი ხიდის მიმართულებით ფორტიფიკაციების გაკეთება. ამ ფორტიფიკაციების 70% დამთავრებულია. ეს არის თხრილი, რომელსაც უყურებთ, 25 კმ ავაშენეთ აქ და დარჩენილია სულ რამდენიმე კილომეტრი. ასევე რამდენიმე საფორტიფიკაციო ნაგებობა გაკეთდა თბილისის გარშემო.

მე ვესაუბრე გენშტაბის ოფიცრებს და მათ თქვეს, რომ მთავრობაში მათ აუხსნეს, რომ ამ ნაგებობების მშენებლობით ჩვენ ვაღიზიანებთ და პროვოკაციას ვუწყობთ რუსეთს.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მათ გამოვიწვევთ, თუ ვიქნებით დაუცველები. ყოველი ასეთი ფორტიფიკაცია ანელებს და დიდი ხნით ურთულებს საქართველოს მტერს ყოველგვარ შემდგომ შეტევით ოპერაციებს. ამაში ჩვენ გამოვიყენეთ უცხოელი ინჟინრებიც. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ძალიან ბევრი ენერგია ჩავაქსოვეთ. პრაქტიკულად დღეს არსებული ნაგებობები და, კიდევ ვიმეორებ, ეს აღარ არის საიდუმლო, იმიტომ, რომ რუსებმა ეს იციან, მშენებლობა მთლიანად შეჩერებულია და არსებული ნაგებობების ამუშავება პრაქტიკულად მთლიანად არის საბოტაჟის ქვეშ. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი მავნებლური ქმედება და ასევე მიმაჩნია, რომ ქართველმა ხალხმა ამის შესახებ უნდა იცოდეს!“, - განაცხადა სააკაშვილმა.