საზოგადოება
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა თავდაცვის მინისტრებთან

sazogad-3-crdiloatlantikuriსაქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი.  ნატოს შტაბბინაში ISAF-ში მონაწილე ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართა. სხდომას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო.

შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გახსნა: „ამ დროისთვის ადგილობრივი ძალებისთვის უსაფრთხოების გადაბარების პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ავღანეთის სტაბილურობა ჩვენთვის კვლავ აქტუალურია. დღეს ჩვენ ვგეგმავთ, თუ როგორ გაგრძელდება ნატოს ახალი მისია და რა სახით გავუწევთ დახმარებას ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ“.

თავდაცვის მინისტრებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ალასანიამ კიდევ ერთხელ გაახმოვანა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის გაგრძელების შესახებ 2014 წლის შემდეგ. „ნატოს მინისტრებთან გამოსვლაზე ჩვენმა დელეგაციამ ხაზი გაუსვა საქართველოს მონაწილეობას  ნატოს მომავალ ოპერაციაში. ჩვენს კოლეგებს ჩვენი ხედვა გავაცანით, თუ როგორ წარმოგვიდგენია საქართველოს მონაწილეობა ავღანეთისთვის მხარდაჭერის ოპერაციაში. ასევე, ორმხრივი შეხვედრა გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან, სადაც ვისაუბრეთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროგრესზე, რეფორმებზე. ეს სჭირდება საქართველოს ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოებაში. ჩვენი ჯარები, ჩვენი წარმომადგენლები მაღალპროფესიულად ასრულებენ თავის მოვალეობას. ეს ყველამ დაინახა. საქართველოს უყურებენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და კარგ პარტნიორს. ახლა მთავარია, ჩვენი ქვეყანა ნატოს წევრობისთვის პოლიტიკურად, ეკონომიკურად მოემზადოს  და როდესაც ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდება, ჩვენ აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა. ეს არის დროის ფაქტორი. ეს გადაწყვეტილება ნატოს პრაქტიკულად  უკვე მიღებული აქვს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.