აქტუალური
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა
aqtual-2-premiermaსაქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ ბიძინა ივანიშვილი რადოსლავ სიკორსკისა და კარლ ბილდტს შეხვდა. პირისპირ გამართული შეხვედრისა და სამუშაო საუზმის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს. პრემიერ–მინისტრის განცხადებით, სტუმრები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხებით დაინტერესდნენ, რაც ლოგიკურია, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ორი გამოკვეთილი ლიდერი დატოვებს პოლიტიკას.
"ჩვენ უნდა ჩავიცხროთ აგრესია, გავერთიანდეთ და წინ ვიყუროთ. ისეც არ გაიგოთ, რომ რამე გარანტიები ან პირობები დავდე. მე მათ კარგად ავუხსენი სიტუაცია, ჩვენს ხედვებში სხვაობაც დავაფიქსირე. სხვაობა მხოლოდ ერთია – ისინი ნაკლებად იცნობენ საქართველოში არსებულ რეალობას. ვეცადე, მეჩვენებინა, რომ საზოგადოებაში არის სამართლიანობის აღდგენის განცდა, რაც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ და მალე უნდა დავასრულოთ. ნაკლებად უნდა ვიყუროთ უკან, ნაკლები გვქონდეს აგრესია და შურისძიების განცდა, მეტი პატიებითა და შერიგებით დავაჩქაროთ ჩვენი სწრაფვა ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცისკენ", - აღნიშნა პრემიერმა. 
ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, სტუმრები რუსეთთან დაკავშირებით მისი ხედვითაც დაინტერესდნენ. "ვილნიუსის სამიტი არის ჩვენი უახლოესი გამოწვევა, რომლისთვისაც, ვფიქრობ, აბსოლუტური მზაობა გვაქვს. ისინიც დაინტერესებულნი არიან, მაქსიმალურად მივიღოთ ის, რასაც ნოემბერში ველოდებით", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.