პოლიტიკა
რუსმა და ქართველმა ექსპერტებმა ჩრდილოეთ კავკასიაზე და ე.წ. „ჩერქეზულ გენოციდზე“ იმსჯელეს

MT-polit-1-ekspertiსაქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. 22 ოქტომბერს სასტუმრო „ბატისტაში“ გაიმართა „გლობალური კვლევების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული კონფერენცია სახელწოდებით: „ეთნოსი და პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში: „ჩერქეზული საკითხი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რუსმა და ქართველმა ექსპერტებმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბატონმა ვახტანგ ყოლბაიამ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა.

რუსულმა დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ კავკასიური კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ნიკოლაი სილაევი, დამოუკიდებელი ექსპერტი დენის სოკოლოვი და ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ეთნოპოლიტიკური კვლევების ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ახმეტ იარლიკაპოვი, გამართეს საკუთარი კვლევების პრეზენტაცია, სადაც დეტალურად იყო შესწავლილი ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ეთნოპოლიტიკური და სოციალური ვითარება.

განსაკუთრებული განხილვის საგანი იყო ე.წ. ჩერქეზული გენოციდი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ორივე მხარის პოზიცია ცალსახა იყო - სამი წლის წინ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გენოციდის აღიარების შესახებ არაადეკვატური იყო.

შეხვედრამ 3 საათზე მეტ ხანს გასტანა. რუსი ექსერტების მიერ წარმოდგენილმა კვლევებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

მამუკა არეშიძე (ექსპერტი კავკასიის საკითხებში): მომეჩვენა, რომ წარმოდგენილი კვლევები ცოტა სქემატური იყო, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო ხედვა გახლდათ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პრეზენტაციებში არ იგრძნობოდა კონიუნქტურა და დამოუკიდებელი კვლევა იყო - აქედან გამომდინარე, ორმაგად საინტერესო იყო ჩემთვის.

რაც შეეხება კონკრეტულად ახლო აღმოსავლეთის საკითხს, პრაქტიკულად იგივე ვითარებაა რუსეთში, რაც საქართველოშია, თუმცა ამას ჯერჯერობით ჩვენი საზოგადოება და ნაწილობრივ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს - საშიშროებას, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან შეიძლება მოდიოდეს, ჯერ კონკრეტული ფორმა არ მიუღია, რუსეთში ამან დიდი ხანია ფორმა მიიღო. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ეფექტიანობის თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები იქაც არის. ზოგი რამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, მაგალითად, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ იმ ხიფათს და რისკებს, რომლებიც მოდის ახლო აღმოსავლეთიდან. ამდენად, აღნიშნული კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო.

ნანა დევდარიანი (გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი): როგორც წესი, ჩვენ მხოლოდ დიდი ქვეყნები და დიდი მოთამაშეები გვაინტერესებს - დიდ რვიანზე ქვემოთ არ ჩამოვდივართ (იცინის). ამ ფონზე ხშირად გვავიწყდება ჩვენი მოსაზღვრე ქვეყნები, სადაც არსებული ვითარების შესახებ რეალურად ინფორმაციას ვერ ვიღებთ. ამიტომაც დღეს გამართული კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო - ეს არის საშუალება იმისა, რომ ქართულმა საზოგადოებამ რეალური ინფორმაცია მიიღოს მოსაზღვრე ქვეყნებზე.

საქართველოში კავკასიის საკითხებზე ინტენსიურად მუშაობს ბატონი მამუკა არეშიძე, მაგრამ მასაც არ აქვს საშუალება, რომ საველე სამუშაოები აწარმოოს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. დღეს რუსმა სტუმრებმა ძალიან ბევრი ფაქტობრივი მასალა წარმოადგინეს, რასაც ძალიან ბევრი შეკითხვა მოჰყვა და საინტერესო მსჯელობა გაიმართა.

სააკაშვილის ხელისუფლება ხშირად ამბობდა, რომ რუსეთი დაიშლებოდა და საქართველო ამით აშენდებოდა. რეალობას თუ გავითვალისწინებთ, საქართველოს ჩრდილოეთით სწორედ რუსეთს „უჭირავს“ სიტუაცია - რომ არა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება, ჩვენ რა პროცესები გვექნებოდა რეგიონში, არავინ იცის. ისლამი ჩვენთვის მხოლოდ ისლამია (მასა ასე თვლის) და არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდით იმის შესახებ, თუ რა მიმდინარეობები აქვს მას, რა კავშირები აქვთ ერთმანეთთან,  ვინ რა იდეოლოგიას ატარებს და ასე შემდეგ.

ჩვენი ორგანიზაცია „გლობალური კვლევების ცენტრი“ სწორედ იმისათვის შეიქმნა, რომ მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად დავაკვირდეთ და კვლევების საფუძველზე ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ ქართულ საზოგადოებას.

ნიკოლაი სილაევი (კავკასიური კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი): ჩვენ მიერ შესწავლილი საკითხები კავკასიის რეგიონს მოიცავს  და იგი მეტად მნიშვნელოვანია რუსეთისთვისაც და საქართველოსთვისაც. ჩემი აზრით, უნდა დავაახლოვოთ ის შეხედულებები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებში არსებობს ამ კუთხით და ამისათვის საუკეთესო საშუალებაა ისეთი ტიპის აკადემიური ინფორმაციის გაცვლა, როგორიც დღეს შედგა კონფერენციაზე - დაწვრილებით განხილვა იმ საკითხის, თუ რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში, როგორ უყურებს ამ საკითხებს ქართული და რუსული საზოგადოება. როგორც დღეს საუბრისას გაირკვა, ხშირ შემთხვევაში ჩვენ აღნიშნულ საკითხებს ერთნაირად ვუყურებთ და ვაფასებთ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ, მაგალითად, 1992 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენების გამო არ შეიძლება ვიმსჯელოთ რეგიონზე - მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და დღემდე იცვლება, მათ შორის რეგიონში არსებული ვითარება, პოლიტიკური საკითხები და ა.შ. შეცდომა იქნებოდა ძველ შეხედულებებზე დაყრდნობით ახალი პოლიტიკის განხორციელება. ჩემი აზრით, ახალ ჩრდილოკავკასიურ პოლიტიკას პრეზიდენტი სააკაშვილი სწორედ 20 წლის წინანდელ შეხედულებებზე აშენებდა, სწორედ ამიტომაც ჩაიშალა იგი და რუსულ-ქართული ურთიერთობის გაფუჭების გარდა არანაირი შედეგი არ მოუტანია.

ახმეტ იარლიკაპოვი (ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ეთნოპოლიტიკური კვლევების ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი): ჩემი კვლევა მიეძღვნა ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამის განვითარების ტენდენციებს 1989 წლიდან დღემდე. აქ აღწერილი იყო ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამის თანამედროვე მდგომარეობა, მისი მოზაიკურობა, აგრეთვე ისეთი მწვავე საკითხები, როგორიც არის ისლამის პოლიტიზება, ისლამის საპროტესტო მოძრაობები და ა.შ.

ჩვენ ვაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას და ისეთი საკითხების შესწავლას დავიწყებთ, როგორიც არის ისლამის პოლიტიკური იდეების გავრცელება ჩრდილოკავკასიელ მოსახლეობაში.

როგორ ფიქრობთ, რამდენად საინტერესო და მნიშვნელოვანია აღნიშნული თემა საქართველოსთვის?

საქართველოს პრაქტიკულად  ჩრდილოეთ კავკასიის ყველა მუსლიმანურ სახელმწიფოსთან აქვს საზღვარი და ვფიქრობთ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა ხდება ამ მიმართულებით ჩრდილოეთ კავკასიაში. სწორედ ამიტომ შევეცადეთ, ქართული საზოგადოებისთვის სრული სურათი გვეჩვენებინა.

polit-1-eksperti-qv-1 polit-1-eksperti-qv-2