უცხოეთი
გენადი ონიშჩენკოს „როსპოტრებნადზორი“ აუკრძალეს

1-ucxoeti-2საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი გენადი ონიშჩენკო, რომელსაც ეს თანამდებობა 2004 წლიდან უკავია, სოციალურმა ვიცე-პრემიერმა ოლგა გოლოდეცმა გადააყენა.

ოფიციალურად გადაყენება ჯერ კიდევ დამტკიცებული არ არის. სავარაუდოდ, ონიშჩენკო, რომელიც უწინარესად ცნობილია, როგორც გეოპოლიტიკის სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსი, „როსსელხოზნადზორის“ კოლეგებთან ლიტვური ყველის თაობაზე კონფლიქტის მსხვერპლი შეიქნა.

განცხადება იმის შესახებ, რომ ბატონი ონიშჩენკო, რომელიც მთავრობის მოქმედი ტოპ-ჩინოვნიკებიდან ყველაზე ძველია, გადადგება, 2012 წლიდან თეთრ სახლში მომუშავე ვიცე-პრემიერმა ოლგა გოლოდეცმა პეკინში გააკეთა, სადაც იგი პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, „გენადი ონიშჩენკოს „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელის პოსტზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, რასთან დაკავშირებითაც იგი აღნიშნულ თანამდებობას ტოვებს“. მისი ვერსიით, ახალი ხელმძღვანელი გენადი ონიშჩენკოს ამჟამინდელი მოადგილე ანა პოპოვა იქნება.