აქტუალური
ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისია შეიქმნა

1-lapanyuri-1საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილის ინიციატივით სპეციალური საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში შედიან ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლები პანკისის ხეობიდან. კომისიის წევრები იქნებიან სოსო ცისკარიშვილი, ლია მუხაშავრია, უმარ იდიგოვი, ზაურ გუმაშვილი, ხასო ხანგოშვილი, მურად ქავთარაშვილი, ვახტანგ მაისაია, კახა კახიშვილი, მამუკა არეშიძე, თამარ გაბისონია, გელა ნიკოლაიშვილი.

კომისიის ძირითადი მიზანი 2012 წლის აგვისტოში სოფელ ლაფანყურში განვითარებული მოვლენების თაობაზე ინფორმაციის მოძიება და ფაქტების დოკუმენტირებაა, რათა პასუხი გაეცეს საზოგადოებაში არსებულ განსხვავებულ მოსაზრებებს აღნიშნულ საქმეზე. კომისია ასევე ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულთა ინტერესის წარმოჩენასა და გამოძიების პროცესის დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ წარმართვაზე. ამასთან, მოამზადებს ანგარიშს, რომელიც შესაბამის მასალებთან ერთად გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოებს. აღსანიშნავია, რომ კომისია არ წარმოადგენს ალტერნატიულ საგამოძიებო უწყებას.