კილაძის თქმით, მის ხელთ არსებული „საგანგაშო ინფორმაცია მეტყველებს იმაზე, რომ „ქრონიკა+"-ის ჟურნალისტური საგამოძიებო ჯგუფის მიერ გამოსაქვეყნებლად მომზადებული პუბლიკაციის გამოყენებას ყოფილი ხელისუფლების ძალოვანი უწყების რამდენიმე მაღალჩინოსანი აპირებს დღევანდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ასარევად, პოლიტიკური და სამართლებრივი ვაჭრობის გასაშლელად დაპატიმრებული, განსასჯელი და დევნილობაში მყოფი ყოფილი თანამდებობის პირების გათავისუფლების და მათი სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მიზნით. მათ მიერ იგეგმება "ქართული ოცნების" წამყვანი პოლიტიკური პერსონებისა და საზოგადოებისათვის ცნობადი სახეების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განთავსება ინტერნეტ სივრცეში უცხოეთის ერთ ერთი ქვეყნიდან. ეს ქმედება მიზნად ისახავს ქვეყანაში სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ქაოსის გამოწვევას, რაც საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლით და საერთაშორისო ასპარეზზე დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაციით უნდა დასრულდეს.
გამომდინარე აქედან, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დაანონსებული მასალები საჯარო არ გავხადოთ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რადგან მასალების გავრცელება აუცილებლად შეუწყობს ხელს ამ პროვოკატორთა ჯგუფს დასახული მიზნის მიღწევაში. ამასთან, განმეორებით გვინდა გავაფრთხილოთ ქართული საზოგადოება,რომ უახლოეს დღეებში პროვოკატორთა ჯგუფი აპირებს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების საჯარო სივრცეში განთავსებას“, - ნათქვამია განცხადებაში.