პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: “ნაციონალებისათვის მთავარია ახლა არა მეორე ადგილი, არამედ ის, რომ არ დაუშვან ბურჯანაძის გაპრეზიდენტება!”
1-pol-3-nacionalebistvisსაქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე ზესტაფონის მოსახლეობას მეორედ შეხვდა. როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალებისათვის მთავარია ახლა არა მეორე ადგილი, არამედ ის, რომ არ დაუშვან ბურჯანაძის გაპრეზიდენტება. აქ არის ინტერესთა თანხვედრა, მე ამის თაობაზე არაერთხელ ვისაუბრე, იმედი მქონდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას მიაქცევდა ყურადღებას, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის არასწორად არის ინფორმირებული ბევრ საკითხთან დაკავშირებით და მას ჰყავს გარემოცვა, რომელსაც მეორე ადგილზე ბაქრაძის გასვლა ურჩევნია. მას ან ატყუებენ, ან შეცდომაში შეჰყავთ, როდესაც იძახის, რომ მეორე ტური არ იქნება და როდესაც ამბობს, რომ ბაქრაძე მე მისწრებს. ეს ასე რომ იყოს, სირცხვილი იქნებოდა ქართველი ხალხისთვის!“.
“...ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საქართველოს საგარეო კურსი იქნება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების განხორციელებისაკენ მიმართული. ამაში ვგულისხმობ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც არ დააზარალებს სახელმწიფო ინტერესებს, იქნება ეს დასავლეთთან ურთიერთობა, აღმოსავლეთთან, სამხრეთთან თუ ჩრდილოეთთან. ჩვენი სახელმწიფო კურსი აქამდე იყო არა საქართველოს ინტერესების გამტარებელი, არამედ სხვა სახელმწიფოების ჯინაზე გაკეთებული კურსი“, -
აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ ქვეყნის საგარეო კურსზე საუბრის დროს.