პოლიტიკა
შეწყალების კომისიამ, შესაძლოა, გადაწყვეტილება პრეზიდენტის ზემოქმედების ქვეშ მიიღო!

1-pol-2-Sewyalebisსაქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ქალბატონი ელენე თევდორაძის განცხადებაზე, სადაც იგი აცხადებს, რომ ჩვენ არ ვართ მართლები, როცა კითხვებს ვსვამთ და ამავდროულად განმარტავს, რომ ეს მისი პრობლემა არაა და აკეთებს იმას, რასაც პრეზიდენტი ავალებს.

ამასთანავე, ქალბატონი ელენე თევდორაძე და ბატონი უჩა ნანუაშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ შემოსული განცხადებები განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ნუსხას და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მათ შორის შედარებით ნაკლებად მძიმე დამნაშავეთა სასარგებლოდ. გამოდის, რომ ცუდსა და უარესს შორის მათ ცუდზე მიიღეს გადაწყვეტილება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ როგორც ირკვევა, კომისიამ რეკომენდაცია გასცა რამდენიმე მსჯავრდებულზე, რომლებიც ბრალდებულები არიან ბიზნესის წართმევაშიც.

უკიდურესად შემაშფოთებელია იმის მოსმენა, რომ ბიზნესის წართმევაში ბრალდებულები შესაძლებელია შეწყალების კომისიის რეკომენდაციით პრეზიდენტმა შეიწყალოს. ეს კიდევ ერთხელ იქნება დადასტურება იმისა, რომ მათ ჩადენილი დანაშაული ეპატიათ და კიდევ მიეცათ ასპარეზი, ემსახურონ იმ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის დავალებებსაც ისინი ასრულებდნენ. შესაძლებელია გამოვთქვათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომისია (წევრთა გარკვეული ნაწილი) გარკვეულწილად მართვადია პრეზიდენტის მხრიდან, რათა ქვეყნის ამჟამინდელმა პირველმა პირმა არჩევნებამდე 2 დღით ადრე შეიწყალოს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულები და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა შეწყალების კომისიას დააკისროს.