უცხოეთი
აფხაზეთში შეიტყვეს, ვინ მოიტაცა და მოკლა ბიზნესმენი კლემანტოვიჩი

1-afxaziaსაქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. აფხაზეთში შეიტყვეს, ვინ მოიტაცა და მოკლა ბიზნესმენი კლემანტოვიჩი, რომლის გაუჩინარებითაც შემდგომში სოხუმში მოკლული რუსი დიპლომატი დიმიტრი ვიშერნევი იყო დაინტერესებული.

რესპუბლიკის პროკურატურამ „ელ პეტროლეუმ-აბხაზიას“ ხელმძღვანელისა და მისი მეგობარი ქალის ოქსანა სკარედნოვას გატაცებაში ეჭვმიტანილ ოთხ პირს ბრალი წაუყენა. გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ამ პირების ხელი ერიოს დიმიტრი ვიშერნევის მკვლელობაში.

აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია აფხაზეთის 4 მოქალაქე: რამინ ჰმაილი, აჰრა გოპია, ჯუმბერ ბიგვავა და ასლან ცვიჟბა. მათ ბრალი ედებათ ბიზნესმენისა და მისი თანმხლები ქალის გატაცებაში, შეკვეთილ მკვლელობასა და ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა–ტარებასა და მესამე პირისთვის გადაცემაში.

შეგახსენებთ, რომ მოკლული ბიზნესმენი სერგეი კლემანტოვიჩი უკვალოდ გაქრა 2012 წლის სექტემბერში, რის შესახებაც პოლიციას მისმა ნათესავმა შეატყობინა.

სერგეი კლემანტოვიჩის და მისი მეგობარი ოქსანა სკარედნოვას ცხედრები 2013 წლის 14 ოქტომბერს აღმოაჩინეს.