შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ნინო გვასალიას უგზო-უკვლოდ დაკარგვასთან დაკავშირებით
საქართველო, 22 ოქტომბერი,
საქინფორმი. შსს–ს თანამშრომლებმა სამძებრო ღონისძიებები 17 ოქტომბერს დაიწყეს. სამართალდამცველებმა ამოიღეს და დაათვალიერეს დაკარგული გოგონას საცხოვრებელი სახლის მიმდებარე პერიმეტრზე არსებული კერძო დაწესებულებების, აფთიაქებისა და სხვა შენობების, ასევე, „300 არაგველის“ და „ავლაბრის“ მეტროსადგურების, „112“-ის სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული ჩანაწერები. ინფორმაცია იმ დღესვე მიეწოდა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ყველა ოპერატიულ დანაყოფს და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს. სამართალდამცველებმა შეამოწმეს საავადმყოფოები, გამოძიებაში ჩართული იყვნენ კინოლოგები. თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დაათვალიერეს მდინარე მტკვრის სანაპირო ტერიტორია.
დღეს, 22 ოქტომბერს სამაშველო სამსახური როგორც სახმელეთო, ისე წყალქვეშა საძიებო სამუშაოებს ჩაატარებს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ასევე კოჯრის, ტაბახმელას, ოქროყანის ტყის მასივების ტერიტორიაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს უგზო–უკვლოდ დაკარგული ნინო გვასალიას ფოტოსურათს. იმ შემთხვევაში, თუ დაკარგულ გოგონასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობთ, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 112 ან მიმართეთ პოლიციის ნებისმიერ განყოფილებას.