საზოგადოება
“ადამიანი, კანონი, თავისუფლება” შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს, ქალბატონ ელენე თევდორაძეს მიმართავს და განმარტებებს ითხოვს

1-saz-3-eleneსაქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი, კანონი, თავისუფლება განცხადებას ავრცელებს:

“20 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიას 400-ზე მეტი მსჯავრდებულის საქმე უნდა განეხილა, რომელთა თითქმის 100% განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მხილებულებს.

სხდომის დაწყებამდე კომისიის წარმომადგენლები მედიასთან აკეთებდნენ განცხადებებს, რომ საქმეები იმდენად მძიმეა, რომ ისინი ერთეულებს თუ გაუწევდნენ შეწყალების რეკომენდაციას. ძირითადად შესული იყო მკვლელობებში, ნარკოტიკების რეალიზაციაში, პედოფილიაში, რეციდივსა და ა.შ ბრალდებულების საქმეები.

6–საათიანი სხდომის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ კომისიამ 462 პატიმრის საქმე განიხილა. აქედან 128 პატიმარზე კომისია მთლიანად გათავისუფლების რეკომენდაციას იძლევა, 33 მსჯავრდებულზე კი სასჯელის განახევრების რეკომენდაცია გაიცა. 7 არასრულწლოვანი პატიმრიდან ერთს სასჯელის ოდენობა გაუნახევრდება, ხოლო სამ არასრულწლოვან მსჯავრდებულზე კომისიამ პატიმრობიდან გათავისუფლების რეკომენდაცია გასცა. რაც შეეხება ქალებს, კომისია რვა ქალზე პრეზიდენტს გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართავს, ხოლო ოთხზე - სასჯელის განახევრების წინადადებით, რომლბიც 25 ოქტომბრამდე დატოვებენ საპყრობილეებს.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ კომისიის აღნიშნული შემადგენლობა ბოლოჯერ შეიკრიბა და ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ მისი შემადგენლობა შეიცვლება.

„ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ მიმართავს ქალბატონ ელენე თევდორაძეს, რომელიც კომისიის დაწყებამდე აცხადებდა, "თითქმის ოცი წელია ამ მიმართულებით ვმუშაობ და ამდენი მძიმე საქმე ერთად შემოსული არ მინახავს"–ო, საზოგადოებას განუმარტოს, რამ გამოიწვია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული 400 პატიმრიდან 150-ზე შეწყალების რეკომენდაციის გაცემა.

წინასაარჩევნოდ მსგავსი შეწყალების აქტის გამოცემა გვაფიქრებინებს, რომ ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს არჩევნების მიმდინარეობაზე ზემოქმედების საფუძვლის შექმნას.

ჩვენ დღესვე ოფიციალური წერილით მივმართავთ შეწყალების კომისიას, რათა დაუყოვნებლივ გამოვითხოვოთ ის საქმეები, რომლებზეც გაცემული იქნა რეკომენდაციები”.