პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: „ჩვენი მიზანია - სპორტი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არ იქნეს გამოყენებული!“

1-pol-2-margvlavsსაქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „შერატონ მეტეხი პალასში“ სპორტის ფედერაციების ხელმძღვანელებთან და სპორტსმენებთან შეხვედრა გამართა. გიორგი მარგველაშვილი სპორტსმენებს ლერი ხაბელოვმა, შოთა ხაბარელმა და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა წარუდგინეს.

როგორც მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, "ჩვენ სპორტსმენებს არ გავხდით პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. ჩვენ არ გამოვიყენებთ სპორტსმენებს და მათ ავტორიტეტს ვინმესთვის ხელის გადასაგრეხად. ჩვენს მთავრობაში არავის მოსვლია თავში, რომ ზონდერ-ბრიგადებში ჩავსვათ და, შესაბამისად, ჩვენ გვერდით გვიდგას სპორტსმენების სახით ხალხი, რომლის პოლიტიზაციასაც არ ვაპირებთ. სპორტი არ იქნება პოლიტიზებული და ჩვენი მიზანია, რომ ეს იყოს მართლაც შეჯიბრი".

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სპორტსმენებმა პრეზიდენტობის კანდიდატს მხარდაჭერა აღუთქვეს. როგორც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ განაცხადა, "ბევრი ადამიანი გიდგათ გვერდში, მათ შორის ჩემი სახით. თქვენ ორი და ათი ტურიც რომ დაგჭირდეთ, უარი არ უნდა თქვათ ამ ბრძოლაში ბოლომდე მონაწილეობაზე".

გიორგი მარგველაშვილი მეორე ტურის თემას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. "მეორე ტურზე უარის თქმა უკან დახევას არ ნიშნავს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვიგებთ პირველ ტურში. ეს განცხადება უკან დახევა კი არა, თავდასხმაზე  გადასვლაა. ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ ბოლომდე გაგვეაქტიურებინა ჩვენი რესურსი, რათა გვეჩვენებინა, რომ ეს არ არის თამაში. თავდასხმისთვის გვჭირდება ძალების მობილიზება და იმპულსირება. უბრალოდ კი არ ვიგებთ, ეს იქნება პოზიტიური დარტყმა და ასევე განაჩენი ყველაფერი  იმისა, რაც აქამდე საქართველოში ხდებოდა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.