აქტუალური
საპრეზიდენტო არჩევნები ქართველი სამხედროებისთვის ავღანეთში

1-akt-2-arCevnebiსაქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტისთვის სპეციალური საარჩევნო უბნების მოწყობა უზრუნველყო.

საარჩევნო უბნები ქარველი ჯარისკაცებისთვის ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ და ამერიკულ ბაზებზე მოეწყო. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ხმა ორ საარჩევნო უბანზე - „ლეზერნიკსა“ და „ერედვზე“ მისცეს. საარჩევნო უბნების გარდა, არსებობდა ორი გადასატანი ყუთი. მათი გადატანა საარჩევნო კოდექსის თანახმად, დროულად მოხდა ბაზების „ფაიზელისა“ და „პალაციოს“ მიმართულებით. გადაადგილება განხორციელდა ჯავშანმანქანა “MRAP“-ისგან შემდგარი კონვოით. ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით კოლონის უსაფრთხოებას ჰაერიდან საბრძოლო ვერტმფრენები იცავდნენ. საარჩევნო პროცესმა ბაზებზე მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

ცნობისათვის: ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა 1500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. დღეისათვის ISAF-ის მისიას ჰელმანდის პროვინციაში მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი და ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ასრულებენ.