„გვქონდა სროლები ჩვენს მეომრებთან ერთად, რომლებიც სხვადასხვა საომარ მოქმედებაში - ავღანეთში, ერაყში, 2008 წელს დაიჭრნენ და ამპუტირებული აქვთ კიდურები. სამხედროები ძალიან ზუსტად ისვრიან. მათ იოტისოდენადაც არ განელებიათ პროფესიული თვისებები. დაჭრილი მეომრებისთვის სპეციალური პროგრამა შევქმენით. ამ პროგრამის მიხედვით, უახლოეს პერიოდში მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში გავაგზავნით, სადაც კიდურების აღდგენის კუთხით ყველაზე კვალიფიციურ, ყველაზე მაღალტექნოლოგიურ მხარდაჭერას მიიღებენ“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
სამხედრო მოსამსახურეები პროთეზირების პროგრამას ამერიკულ კლინიკაში ქართული მხარის ორგანიზებით გაივლიან. მათ მექანიკურ კიდურებს მიკრო ბიოპროცესორიანი პროთეზით შეუცვლიან. უახლესი თაობის ელექტროკიდური სამხედრო მოსამსახურეებს რთულ რელიეფზე გადაადგილებას გაუადვილებს. წყალში, მტვერში, თოვლსა და ყინვაში გამძლე ახალი პროთეზი ჯარისკაცებს მეტი აქტიურობის საშუალებას მისცემს. რეაბილიტაციის კურსი ყველა სამხედროსთვის ინდივიდუალურია. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ისინი საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ სამსახურს.
პირველ ეტაპზე ამერიკულ კლინიკაში რეაბილიტაციის კურსს 8 ქართველი მებრძოლი გაივლის, შემდეგ კი - 11 სამხედრო მოსამსახურე. პროთეზირების პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებულ მებრძოლებზეც გავრცელდება.