თავდაცვის მინისტრის კომენტარი სამხედროების ინტოქსიკაციის ფაქტებზე
საქართველო, 21 ოქტომბერი,
საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრ
ირაკლი ალასანიას კომენტარი სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ:
"ჩემთვის უცხო არ არის, რომ არსებობს კატეგორია ხალხის, რომლებსაც არ ვუყვარვართ, არ მოვწონვართ. კრიტიკა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, ჯანსაღია და ეს დემოკრატიის ნაწილია. მაგრამ ჩემთვის მიუღებელია და დანაშაულად მიმაჩნია, როდესაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.
დღეს საქართველოს ჰყავს შეიარაღებული ძალები, რომელსაც შეუძლია მოწინააღმდეგეს გასცეს საკადრისი პასუხი. დღეს შეიარაღებულ ძალებს აქვს უკეთესი ხელფასი, აცვია უკეთესი ფორმა, აქვს უკეთესი კვება და რაც მთავარია, შეიარაღებული ძალები დღეს აპოლიტიკურია. ეს არის ამ მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა და დარწმუნებული ვარ, რომ ჯარშიც და საზოგადოებაშიც ადეკვატური ინფორმაცია არსებობს ამის შესახებ. ჩემთვის ყველაზე დიდი პატივი სწორედ ის არის, რომ ვემსახურები იმ ადამიანებს, ვინც იცავს სამშობლოს. ჩვენ ვპროგრესირებთ,
გვაქვს უმაღლესი შეფასება როგორც ნატოსგან, ასევე ყველა პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებისგან. ჩვენი გზა არის ევროპისკენ და ნატოსკენ და ამ გზაზე ვერანაირი ასეთი პატარა ვნებათაღელვა და პროვოკაცია ვერ შეგვაჩერებს.
ეს არის ცრუ ინფორმაციების გავრცელება. რაც შეეხება თვითონ ფაქტების ანალიზს და შესწავლას, სამხედრო პოლიცია ამაზე მოკვლევას აწარმოებს, ძალიან მალე ამ ყველაფერს გადავუგზავნით პროკურატურას და უკვე გამოძიება გაგცემთ პასუხს”.