საზოგადოება
„კუკავას ხსენება არ მინდოდა, არასერიოზული კაცია. სადაც ფულს უხდიან, იქ მიდის. ჩემზე ამბობს, რაღა უნდა ახლა პოლიტიკაში, საკუთარი ფული ამოიღო და წავაო... ჯერ თუ მე ფული დავკარგე, რისთვის დავკარგე? რომ მოვედი პოლიტიკაში, იმიტომ. არ მოვიდოდი პოლიტიკაში და არ დავკარგავდი. ასეთი გამონათქვამები გულს მტკენს. კუკავასგან კი არაფერი უნდა გეწყინოს, პრინციპში. მე მას მაჟორიტარობას ვთავაზობდი, ბოლოს კი გადასწონა რაღაც სხვამ. რამ გადაწონა, თვითონ იფიქრეთ. ყველა საკუთარი გადმოსახედიდან იყურება“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
თავის მხრივ, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი პრემიერის ამ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილს ავიწყდება, რომ „ქარვასლაში კი არა, პოლიტიკურ პროცესებში იმყოფება“.
"რადგან ივანიშვილმა გახსნა ეს თემა, ხვალ ქართულ პრესას გადავცემ ინფორმაციას, თუ როგორ ცდილობდნენ დღევანდელი მთავრობის მინისტრები და მრჩეველები მათი პარტიის მაჟორიტარების ფულით მოსყიდვას, რათა „ქართულ ოცნებაში“ გადასულიყვნენ. ამ კორუფციულ სქემაში ჩართული იყო ივანიშვილიც. რადგანაც ივანიშვილი ამ საკითხზე ალაპარაკდა, კონკრეტული პიროვნებების გვარებსა და სახელებს ვიდეომტკიცებულებების მითითებით წარმოვადგენ", - განაცხადა კუკავამ.