აქტუალური
ზურაბ ხარატიშვილი: „თუ გვინდა, რომ კონფლიქტი გადავწყვიტოთ, უნდა ვიფიქროთ რუსეთის შეძლებისდაგვარად განეიტრალებაზე“

1-xarata-akt-1საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. კონფლიქტური რეგიონები უნდა გამოცხადდეს დემილიტარიზებულ ზონად, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ხარატიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გუშინ გამართული წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.

აფხაზეთში, გარდა იმისა, რომ ქართველები გამოძევებულები არიან, სხვა ეთნიკური ჯგუფებიც განიცდიან შევიწროებას, ანუ იქ დღეს, რეალურად, ნაციონალური აპარტეიდია. ანტიქართულ რეჟიმებს აფინანსებს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს რუსეთი და თუ გვინდა, რომ ეს კონფლიქტი გადავწყვიტოთ, უნდა ვიფიქროთ რუსეთის შეძლებისდაგვარად განეიტრალებაზე.

...საქართველოს ორ რეგიონში მომხდარია ეთნიკური წმენდა, რომელიც არის ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და რომელსაც არ აქვს ხანდაზმულობის ვადა. ამ დანაშაულზე პოლიტიკური პასუხიმგებლობა ეკისრება რუსეთს... სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა პასიურია. ჩვენი სტრატეგია დღევანდელ დღეს უნდა იყოს შემდეგი: უნდა ვაწარმოოთ სეპარატისტულ და ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით არაღიარების და დეოკუპაციის აქტიური პოლიტიკა, ამასთან, კონფლიქტური რეგიონები უნდა გამოცხადდეს დემილიტარიზებულ ზონად, განესაზღვროს პოლიტიკური და სამართლებრივი უსაფრთხოების გარანტიების მექანიზმები, ხოლო დევნილები უპირობოდ უნდა დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში და მათთვის გადახდილი უნდა იქნას კომპენსაცია“, – განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.