პოლიტიკა
მარგველაშვილი – თარგამაძეს: „მოისვენე, თორემ მოგასვენებ!“

1-pol-2-moisveneსაქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკური დებატებისას გიორგი მარგველაშვილსა და გიორგი თარგამაძეს შორის შელაპარაკება მოხდა.

"დამშვიდდი ცოტა ხანი, მოისვენე, თორემ მოგასვენებ, ისედაც რომ გპასუხობ, ეგეც დიდი რამეა," - ასე მიმართა კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი თარგამაძეს დებატებისას დასმული კითხვის პასუხად – დაუჭერს თუ არა იგი მხარს საარსებო მინიმუმის ახალი წესის - 250 ლარამდე გაზრდის განსაზღვრას, მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების გრძელვადიან მორატორიუმს და ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, ინსტიტუციურ განსაზღვრებას.

„პენსიების საკითხი, 250 ლარზე და 150 ლარზე, ეს არის სუფთა პოპულიზმი, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარია ავამაღლოთ ის პენსიები, რომელიც არსებობს და არა - ელემენტარულად, ვეთამაშოთ სხვადასხვა რიცხვებს პოპულისტურად. ჩვენ შევძელით და პენსიები ავიყვანეთ 150 ლარამდე და პენსიების ზრდას მომავალშიც ვაპირებთ და არა - უბრალოდ, ვეთამაშებით რიცხვებს. მეორე თემა იყო მიწებთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვაცხადეთ მორატორიუმი მიწებზე, სანამ ეს საკითხი დეტალურად არ იქნება შესწავლილი და სანამ პარლამენტი არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ერთდროულად ბიზნესის განვითარებისთვის წამახალისებელი და ამავე დროს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ შელახავს. ბოლო თემაა ოჯახის განსაზღვრებასთან დაკავშირებით, რამდენადაც მე ვხვდები. ეს თემა ხომ საერთოდ ჰაერიდან არის მოტანილი!!! ვისაც არ ესმის, ოჯახი რას წარმოადგენს, იმან არკვიოს ეს თემა. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, ოჯახი რა არის, რომ ეს არის ქალისა და კაცის ერთობლივად შექმნილი ინსტიტუტი, სადაც ბავშვები იზრდებიან“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.