რუსი ბლოგერები „კავკასიელი დიპლომატების“ დაწიოკებას ითხოვენ
საქართველო, 17 ოქტომბერი,
საქინფორმი. ბირიულოვოს მოვლენებმა რუსეთში კვლავ გაამწვავა ნაციონალური საკითხი. გასულ კვირას მოსკოვში მომხდარმა არეულობებმა მთელ ქვეყანაში აღშფოთების ტალღა გამოიწვია. ბირიულოვოს მოვლენები ყველაზე განსჯად თემად იქცა ინტერნეტში, ხოლო რუსმა ბლოგერებმა და მომხმარებლებმა „კავკასიური საკითხის“ მათებური გადაჭრის გზები უჩვენეს.
რუნეტის მომხმარებლები იმითაც არიან აღშფოთებული, რომ კავკასიელებმა „გაავსეს“ არა მარტო რუსეთის ბაზრები, არამედ სამინისტროებიც. განსაკუთრებით მწვავე კრიტიკის საგანი გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. როგორც აღმოჩნდა, რუსეთის დიპლომატიურ მუშაკთა მნიშვნელოვანი რიცხვს კავკასიელები შეადგენენ. ამასთან დაკავშირებით რუსმა ბლოგერებმა დიპლომატების 35-კაციანი „შავი სია“ შექმნეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო Haqqin.az ავრცელებს. რუსი ბლოგერების „შავ სიაში“ მოხვდნენ ელჩი ლიტვაში ვლადიმერ ჩხიკვაძე, ელჩი საბერძნეთში ვლადიმერ ჩხიკვიშვილი, ელჩი გვინეაში ალექსანდრე ბრეგაძე, კონსული ბირმაში მიხეილ მგელაძე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ორჯონიკიძე, გენერალური კონსული კუბაში ზურაბ ფერაძე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კადრების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ თავთუმაძე, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი თოლორაია და რუსეთის ელჩი დანიაში თემურ რამიშვილი. როგორც ცნობილია, მოსკოვში, ბირიულოვოს რაიონში 26 წლის იგორ შჩერბაკოვის მკვლელობას ვითარების გამწვავება მოჰყვა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი აზერბაიჯანელი ორჰან ზეინალოვი დაკავებულია.