პრემიერი ივანიშვილი: „ვილნიუსის სამიტი უფრო ახლო კავშირშია რუსეთის გააქტიურებასთან საზღვრისპირა სოფლებში“
საქართველო, 17 ოქტომბერი,
საქინფორმი. ბეჭდური მედიის და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“, ჟურნალისტის კითხვაზე -
საპრეზიდენტო არჩევნების წინ ე. წ. საზღვრისპირა სოფლებში რუსეთის გააქტიურება და იქ მოსახლეობისთვის პრობლემების შექმნა რუსეთის მხრიდან მისთვის სასურველი კანდიდატისთვის ფონის შექმნას ხომ არ ემსახურება, ამასთან, ვილნიუსის სამიტის წინ ხომ არ ხდება რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის პრობლემების შექმნა და ზეწოლა – პრემიერ-მინისტრმა
ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა:
„ის, რომ დაბალი არჩევანი გვაქვს და ძალიან დაბალეფექტურია ხელისუფლების ქმედება, სწორედ რომ წინა მთავრობისგან დანატოვარი საჩუქარია. მათ მოახერხეს ისეთ ჩიხში შეყვანა დღევანდელი ურთიერთობის, რომ არაეფექტურია ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, გარდა იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულ მოსახლეობას, რომელზეც პირდაპირ ხდება ძალადობა, დავეხმაროთ.
მთავრობას უნდა ჰქონდეს იმის ბერკეტები, რომ ძალაზე ძალით უპასუხოს. მაგრამ, როდესაც ძალას იყენებ გადაჭარბებულად, მაშინ, სადაც არ შეგიძლია და ყველა რესურსს ხარჯავ, ეს არის დღეს, ეს შედეგი მივიღეთ წინა მთავრობის ქმედებით. რაც შეეეხება იმას, რომ ეს კანდიდატისთვის კეთდება, არა მგონია, რომ ეს ასეა. შესაძლოა ვილნიუსის სამიტი უფრო ახლო კავშირშია ამასთან... მაგრამ მე მგონი, ის, რაც მოხდა 2008 წელს, ის პროცესები მიმდინარეობს და აგრძელებენ იმას, რისი საშუალებაც მიეცათ 2008 წელს", - განაცხადა ივანიშვილმა.