საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ პრესკონფერენციაზე 2013 წლის ბოლომდე დაგეგმილი სიახლეები წარმოადგინა:
1. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე
2013 წლის ბოლოდან მოსახლეობას საშუალება ექნება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდა ჩააბაროს როგორც ავტომატური, ისე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე. ამასთან, მართვის მოწმობის მფლობელს, რომელიც გამოცდას ჩააბარებს ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე, უფლება ეძლევა მართოს მხოლოდ ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი.2. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობაში სისხლის ჯგუფის და რეზუსის მონაცემების დამატება
მომსახურების სააგენტო სისხლის ბანკთან ერთად იწყებს პროექტს, რის საფუძველზეც მართვის მოწმობაში მიეთითება მფლობელის სისხლის ჯგუფი და რეზუსი. სისხლის ბანკის თანადგომით, მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე განთავსდება ლაბორატორია, სადაც უახლოეს მომავალში მსურველს საშუალება ექნება მართვის მოწმობის აღებისას უფასოდ მიიღოს ინფორმაცია საკუთარი სისხლის ჯგუფის და რეზუსის შესახებ, ხოლო დონორობის შემთხვევაში (250 გრამი სისხლის გაღებისას) ჩაიტაროს უფასო გამოკვლევა 4 სახეობის ვირუსზე, რის საფასურიც ჩვეულებრივ წარმოადგენს 200-300 ლარს.
მართვის მოწმობაში სისხლის ჯგუფის და რეზუსის აღნიშვნა ამ ეტაპზე ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს და მოხდება სისხლის ჯგუფის შესახებ ექიმის მიერ გაცემული ცნობის ან ადგილზე (სააგენტოში) ჩატარებული კვლევის საფუძველზე.
3. პერსონალური გვერდი მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.sagency.ge)
მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან მომსახურების სააგენტომ მომხმარებელს შესთავაზა განახლებული ვებ-გვერდი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების და სტრუქტურული ერთეულების შესახებ. ამასთან, აღნიშნული ვებ-გვერდის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ელექტრონული მომსახურებით სარგებლობა. მაგ: პერსონალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს საშუალება ეძლევა მოიძიოს ინფორმაცია საკუთარ სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისა და სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, დაჯავშნოს სასურველი სანომრე ნიშანი და ა. შ.
უახლოეს მომავალში როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ პირებს საშუალება ექნებათ ვებ-გვერდზე ელექტრონული განაცხადის შევსების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის ან/და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა შეცვალონ ან დაკარგული აღადგინონ; ვებ-გვერდის საშუალებით ასევე შესაძლებელი იქნება უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტების ქართულ ენაზე თარგმანის სერვისის შეთავაზება.
4. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის მობილური აპლიკაცია
მომსახურების სააგენტოს ტექნიკური ჯგუფი მუშაობს IOS და Android-ის პლატფორმებისათვის მობილური აპლიკაციის შესაქმნელად, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ნებისმიერი ადგილიდან მოიძიოს მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდისთვის საჭირო პროგრამა და ტესტები, ამასთან, დაჯავშნოს თეორიული გამოცდის დრო და თარიღი.
5. მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო დარბაზის მოდერნიზება და მომსახურე პერსონალის ტრენინგი
მიმდინარე წლის დაგეგმილი სიახლეები ასევე გულისხმობს თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით სარეგისტრაციო დარბაზის მოდერნიზებას. ასევე იქნება რიგის დაცვის ახალი სისტემა, განახლებული ტექნიკური დათვალიერების ობიექტი. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სააგენტოს მომსახურე პერსონალი გადის სპეციალიზებულ ტრენინგის პროგრამას.
6. საგანმანათლებლო დაწესებულებებში (საჯარო სკოლები) საგზაო ნიშნების და მოძრაობის უსაფრთხოების შესწავლა
დღეისათვის „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“, როგორც სასკოლო პროგრამის ერთ-ერთი არჩევითი საგანი, უკვე ისწავლება საჯარო სკოლების მაღალ კლასებში. მომსახურების სააგენტო განათლების სამინისტროსთან ერთად გეგმავს აღნიშნული საგნის - „საგზაო ნიშნების და მოძრაობის უსაფრთხოება“, როგორც სავალდებულო დისციპლინის სწავლებას საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ზოგადი ცოდნა საგზაო მოძრაობის ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების შესახებ, მიუხედავად იმისა, აპირებს თუ არა იგი მომავალში სატრანსპორტო საშუალების მართვას.