აქტუალური
ირაკლი ალასანია: „საომარი მოქმედებების შემსწავლელი კომისია სრულიად აპოლიტიკურია!“

1-akt-komisiaსაქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროში შექმნილი საომარი მოქმედებების შემსწავლელი კომისია სრულიად აპოლიტიკურია, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. „რადგან არჩევნებს დაუკავშირა ვიღაცამ - ეს არის არა პოლიტიკური, არამედ სამხედრო, ტაქტიკური, ოპერატიული და სტრატეგიული შეფასება, რომელიც მხოლოდ ჩვენი ჯარის სამომავლო თავდაცვის სტრატეგიის გაუმჯობესებას ემსახურება. სულ მცირე, რამდენიმე თვეა საჭირო, რომ ანგარიშის პირველი ეტაპი თავდაცვის უწყებაში წარდგეს. რაღაც ნაწილი  საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი - არასაიდუმლო იქნება, რათა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს სწორი ანალიზის გაკეთების საშუალება ჰქონდეთ. შესწავლილი იქნება არა მხოლოდ 2008 წლის ომის მოვლენები, არამედ 90-იანი წლების საომარი მოქმედებებიც“, - განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, კომისია საკმაოდ სწრაფი ტემპით მუშაობს. დაახლოებით 600-ზე მეტი ინტერვიუ და გამოკითხვაა ჩატარებული. მინისტრის თქმით, რაიმე ინფორმაციის უახლოეს პერიოდში გამომჟღავნება არ იგეგმება, რადგანაც ამას უფრო ღრმა ანალიზი სჭირდება.