საზოგადოება
პაატა ზაქარეიშვილი: „რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია“

1-zakara-saz-2საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. ჯერჯერობით მავთულხლართების გაბმასთან დაკავშირებით პროცესი შეჩერებულია, - ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დღეს, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

"ჯერჯერობით ჩანს, რომ პროცესები შეჩერებულია. ჩვენ არ ვიკვებებით ილუზიებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ პროცესების შეჩერება გაგრძელდება, მაგრამ რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია. დღის წესრიგს არ უნდა მართავდეს რუსეთის მიერ განხორციელებული რაღაც ღონისძიებები. ჩვენ ხალხს უნდა მივხედოთ ნებისმიერ პირობებში", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა, რომლის თქმითაც, შს სამინისტროს მხარდაჭერით, ბოლო სამი თვის განმავლობაში სამინისტროების წარმომადგენლებმა ერთად შემოიარეს გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე 40-მდე სოფელი.
"ჩვენ ადგილზე ვნახეთ დამატებითი პირობები, რაზეც მოგვიწევს მუშაობა. დღევანდელ სხდომაზე იქნება მსჯელობა სამინისტროებთან, თუ რა წვლილი შეუძლიათ შეიტანონ მათ ამ საკითხების მოსაგვარებლად. განიხილება მრავალი საკითხი. მათ შორის შეშით მომარაგება, გაზიფიცირება, რომელიც უკვე დაწყებულია", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.