უგულავასა და კეზერაშვილის სასამართლო პროცესზე ნიკა გილაური დაჰკითხეს
საქართველო, 16 ოქტომბერი,
საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის
დავით კეზერაშვილისა და თბილისის მერის
გიგი უგულავას საქმის განხილვა. სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება უკვე მისცა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა
ნიკა გილაურმაც, რომელიც პროკურატურამ 2006 წელს რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით დაჰკითხა. იმ პერიოდში ნიკა გილაური ფინანსთა მინისტრი იყო.
„ყველა თანხა, რომელიც დღეს იხარჯება, ლეგიტიმური ლოგიკით შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დაისვას, რატომ იხარჯება თანხა პენსიებზე, გზებზე და ა.შ. ყველაფერი, რაც ბიუჯეტში გაწერილია და პარლამენტის მიერ დამტკიცებულია, ის თანხები დაიხარჯა მაშინაც და იხარჯება ახლაც. რატომღაც მაშინ დახარჯულ თანხაზე, როდესაც ყველა პროცედურა დაცულია, პროკურატურა კითხვას სვამს, რატომ დახარჯა აღნიშნული თანხა თბილისის მერიამ. თბილისს აქვს თავისი საკრებულო, რომელიც ბიუჯეტის მიზნობრიობას განსაზღვრავს. ცენტრალური ბიუჯეტის და მთავრობის საქმეა, გამოყოს ტრანსფერი. ამიტომ, ჩემის აზრით, პროკურატურის კითხვა არადამაჯერებელია“, - განაცხადა ნიკა გილაურმა. გიგი უგულავას განცხადებით კი, „სანტა-ბარბარას სერიალი გრძელდება“, რადგან „შეუძლებელია პროკურატურა აფასებდეს კოლეგიური და არჩევითი ორგანოების გადაწყვეტილებას“.
„ეს იგივეა, რომ პროკურატურამ ხვალ თქვას პარლამენტის მიერ მიღებულ რომელიმე კანონზე, მაგალითად, მძიმე ნაცრის შესახებ ან ბუსუსებიანი პრეზერვატივების შესახებ, რომ ეს კანონი უსამართლოა და ამაში ვიღაცამ ფული აიღო. მერე კი სასამართლოში დაიწყოს სირბილი. აბსურდია ეს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯოზეფ ქეი ვინ და რა არის, ყველამ კარგად ვიცით. ისიც კარგად ვიცით, რომ ქეისთან პროკურატურა გარიგებულია და რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ართმევს პატარკაციშვილების ოჯახს, იმიტომ, რომ მოვიდეს აქ და ჩვენება მისცეს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.