პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: „თითოეულმა მოქალაქემ 27 ოქტომბერს უნდა შემოხაზოს 41, რადგან ეს იქნება ჩვენი ერთიანი გამარჯვება, ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვება!“

1-pol-2-margvel-mtსაქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრები სამცხე-ჯავახეთში გამართა.

პრეზიდენტობის კანდიდატი გუშინ ნინოწმინდას, ახალქალაქსა და ადიგენს ესტუმრა. გიორგი მარგველაშვილი ახალქალაქში შეკრებილ საზოგადოებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა, რის შემდეგ

სიტყვა კოალიციის კანდიდატს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკური კურსის და წარმატებული რეფორმების გაგრძელებისათვის აუცილებელია მოქალაქეთა თანამონაწილეობა.

„იმისათვის, რომ განვავითაროთ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება. საჭიროა თქვენი ჩართულობა ამ პროცესებში. უნდა გავერთიანდეთ კოოპერატივებში, რომლებიც მიიღებენ უდიდეს მხარდაჭერას ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ლიზინგების, გრანტების, კრედიტების ფორმით. ეს არის ის, რაც ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ. მაგრამ ამ ყველაფრის დაწყებისათვის საჭიროა ძალიან ორგანიზებულად და კარგად მოვემზადოთ მომავალი არჩევნებისთვის. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში, 27 ოქტომბერს შემოხაზოს 41, რადგან ეს იქნება ჩვენი ერთიანი გამარჯვება, ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვება!“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრებს თბილისში გამართავს.

1-pol-2-margvel-2