პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: „ყველა თანამდებობაზე, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებაში, ეთნიკურმა სომხებმა უფრო მეტი ადგილი უნდა დაიკავონ!“

1-pol-1-somxebiსაქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრები სამცხე-ჯავახეთში გამართა.

პრეზიდენტობის კანდიდატი გუშინ ნინოწმინდას, ახალქალაქსა და ადიგენს ესტუმრა.

გიორგი მარგველაშვილი ახალქალაქში შეკრებილ საზოგადოებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა. პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის ხედვა გააცნო ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემები აქვს ქართულ ენასთან დაავშირებით და მთავრობა მათ მოგვარებაზე მუშაობს: „თქვენი მომავალი პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ ენობრივი სირთულეები გადალახოთ, ყველა თანამდებობაზე, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებაში, ეთნიკურმა სომხებმა უფრო მეტი ადგილი უნდა დაიკავონ!“.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა აპირებს, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.

სიტყვის  დასასრულს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა: „მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ არ დაიზარებთ და აუცილებლად მხარს დაუჭერთ გიორგი მარგველაშვილს. ის  თქვენი ღირსეული პრეზიდენტი იქნება და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად შეგიყვარდებათ, რადგან ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც იზრუნებს თქვენზე და თქვენს მომავალზე“.

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრებს თბილისში გამართავს.

1-pol-1-somxebi-2