„ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ შეშფოთებას საქართველოში არსებულ ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველო ვერ აკონტროლებს. ჩვენი შეფასებით, ეს ლაბორატორია აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური პოტენციალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია“, - განაცხადა ონიშჩენკომ.
მისივე თქმით, საქართველოში ამ ლაბორატორიის გახსნა ადასტურებს, რომ აშშ არღვევს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, კერძოდ, ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის შესახებ კონვენციას, რის გამოც იგი საქართველოს პრობლემის გადაჭრის რადიკალურ გზას - ლაბორატორიის დახურვას სთავაზობს.
გასულ ზაფხულს აშშ-ის ლაბორატორიის მუშაობის შესახებ შეშფოთება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გამოხატა. ამასთან, ამა წლის ივლისში ონიშჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთში ღორების „აფრიკული ჭირი“ სწორედ საქართველოდან შეიტანეს. უწყების ხელმძღვანელის თქმით, ის საქართველოში მდებარე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ბიოლაბორატორიაში იქნა სინთეზირებული.
ონიშჩენკოს სიტყვები უარყო აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, რომლის თქმითაც, ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტია.