აქტუალური
პრემიერი ივანიშვილი: „თუ ოლიმპიადის წინ გვექნება ის განცდა, რომ ჩვენი იქ მონაწილეობა შეურაცხმყოფელია, რა თქმა უნდა, არ მივიღებთ მონაწილეობას“

1-olimpiada-aqt-3საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „მოამბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე, უმუშევრობის ზრდაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ალბათობასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა.

სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტ სოფო მოსიძის შეკითხვას – როგორია მისი მოქალაქეობრივი პოზიცია, პრემიერმა უპასუხა: არაფერს შეურაცხმყოფელს ჩვენს ქვეყანას არ ვაკადრებთ. ჩვენ მოვიქცევით ღირსეულად, მაგრამ იმპულსურად ნუ ვიცხოვრებთ!

"დაველოდოთ. დრო არის და გარწმუნებთ, რომ თუ საჭირო გახდა, უარსაც ვიტყვით. რად უნდათ, ეს ამდენი აჟიოტაჟი და აყალმაყალი რომ აქვთ ატეხილი. სახელმწიფო არ შეიძლება იყოს იმპულსური და ნერვიული. ჯერ გვაქვს ჩვენ დრო, რატომ ვჩქარობთ, უარის თქმას ყოველთვის მოვახერხებთ. მაგრამ ისე არ მინდა, დღეს რომ უარი ვთქვათ, მერე ხვალ ისევ დავეთანხმოთ, ზეგ უარი ვთქვათ და მაზეგ დავეთანხმოთ. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ ჩვენ ოლიმპიადის თამაშების წინ გვექნება ის განცდა, რომ ჩვენი იქ მონაწილეობა შეურაცხმყოფელია, რა თქმა უნდა, არ მივიღებთ მონაწილეობას", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.