საზოგადოება
საქინფორმი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს!

1-obsh-3-sveticxovlobaსაქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს. სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. ამ დღეს, ასევე, წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV), წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებაც აღინიშნება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დღეს 10:00 საათზე აღავლენს.

13 ოქტომბერს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის შემდეგ უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და ბრძანა, რომ ერი, რომელშიც უფროსი და უმცროსი თაობის მთლიანობა დარღვეულია, სუსტია.

ძალიან ხშირად ჩვენ გვავიწყდება უფროსი თაობა, ჩვენი წინაპრები. ამიტომ, მაქვს სურვილი, გამოვყოთ დღეები, როდესაც გავიხსენებთ ჩვენს წინაპრებს, გამოჩენილ ადამიანებს. მინდა, პირველი ასეთი შეხვედრა მოვაწყოთ წმინდა მეფე დავით აღმაშენებელთან”, – აღნიშნა პატრიარქმა და დასძინა, რომ  ვინც სწყალობს მოყვასსა თვისსა, მას სწყალობს უფალი.

„ჩვენ იმდენად ვართ დაკავებული საკუთარ თავსა და ინტერესებზე ზრუნვით, ვერ ვხედავთ გაჭირვებულ ადამიანებს. ამიტომაც გვეუბნება უფალი – იყავით მოწყალენი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი მოწყალე არს. ვინც წყალობს მოყვასსა თვისსა, მას წყალობს უფალი”, – ბრძანა უწმიდესმა.