უცხოეთი
გრიგორი კარასინი: „თუ უწინ ეს მხოლოდ ოჯახის წევრები იყვნენ, ახლა უკვე ვიზებზე უფლებას უფროსი თაობის წარმომადგენლები - ბებიები, ბაბუები, ასევე, შვილიშვილები იღებენ“

1-karasსაქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. მორიგი, მეოთხე შეხვედრა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის 2013 წლის დეკემბერის დასაწყისში პრაღაში გაიმართება.

მათი პირველი შეხვედრა 2012 წლის 14 დეკემბერს ჟენევის გარეუბანში შედგა, შემდგომი სამი შეხვედრა კი ამა წლის 1 მარტს, 5 ივნისსა და 19 სექტემბერს პრაღაში გაიმართა. აბაშიძისა და კარასინის მოლაპარაკებები 2008 წლის შემდეგ შუამავლის გარეშე ორი ქვეყნის ოფიციალურ პირთა პირველ პირდაპირ დიალოგს წარმოადგენს. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა პოზიტიურ როლს ასრულებს სახელმწიფოთა ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში“.

სექტემბრის ბოლოს აბაშიძემ განაცხადა, რომ „საქართველო-რუსეთის დიალოგის ამ ორმხრივი ფორმატის დასაწყისიდანვე ჩვენ შევთანხმდით, რომ მოცემულ ეტაპზე არ შევეხებით თემებს, სადაც შეუძლებელია პროგრესის მიღწევა“. ამასთან, მისივე თქმით, შეხვედრებზე საკმაოდ კონსტრუქციულად განიხილებოდა „ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობის აღდგენასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ამ მიმართულებებით არცთუ მცირე წარმატებაა მიღწეული“.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად საქართველოში უნდა არსებობდეს პოლიტიკური გამბედაობა, - განაცხადა გრიგორი კარასინმა. „ჯერჯერობით, სამწუხაროდ,  ძველი სტერეოტიპები ჭარბობს, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის აგრესიის შემდეგ ჩამოყალიბდა და ამ მტრობის ხლართებისგან, რომლებიც ექსტრაპოლირდება არა მარტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, არამედ რუსეთზეც, თავის დაღწევა ქართულ პოლიტიკას ჯერ არ შეუძლია... ქართველი პოლიტიკოსებისათვის ეს მეტისმეტად მტკივნეული თემაა ახლა, არჩვენებისათვის მზადების პერიოდში, ეს თემა აქტიურად გამოიყენება პოლიტიკურ დისკუსიებში, დებატებში, ამიტომ სხვადასხვა მიმართულების პოლიტიკოსები გარკვეულ სიფრთხილეს ინარჩუნებენ...

საქართველოს ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მანამ, სანამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დედაქალაქებში ჩვენი საელჩოები იარსებებს, დიპლომატიურ ურთიერთობაზე ჩვენთან საუბარი არ იქნება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, მართალია, იოლი არ იყო, თუმცა, შეგნებულად იქნა მიღებული და გადახედვას არ ექვემდებარება“, - განაცხადა მან.

კარასინის თქმით, ბევრი სახელმწიფო ხედავს, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები მართლაცდა საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები ხდებიან“. „გამოვთქვამ კიდევ ერთ თამამ აზრს და ვიტყვი, რომ მოვა დრო და ბრძენი პოლიტიკოსები თბილისში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან კეთილმეზობლური და თანაბარუფლებიანი ურთიერთობების დამყარების აუცილებლობის აღიარებამდე მივლენ... ჩემი აზრით, ეს ურთიერთობის მოწესრიგების ერთადერთი საშუალებაა, რაც რეგიონში რაიმე მთლიანობამდე მიგვიყვანს“, - აღნიშნა კარასინმა.

ამასთან, კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა შესაძლებელია უმოკლეს პერიოდში აღდგეს. „ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, ამიტომ ყველა საუბარი საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე აზრს მოკლებულია, ეს ნონსენსი იქნებოდა. თუმცა, ჩვენ საგრძნობლად ვცვლით ვიზების გაცემის სისტემას უფრო ლიბერალური მიდგომისკენ. ახლა ვიზებით ჩამოდიან მეცნიერები, ბიზნესმენები, სტუდენტები, მაგრამ ჩვენ გვსურს გავაფართოოთ იმ ხალხის კატეგორია, ვინც ჩვენს ვიზებს იყენებს, ნათესავთა წრის გაფართოებით. თუკი უწინ ეს უბრალოდ ოჯახის წევრები იყვნენ, ახლა უკვე ვიზებზე უფლებას მიიღებენ გაცილებით უფროსი თაობის წარომადგენლებიც - ბებიები, ბაბუები, ასევე, შვილიშვილებიც“, - აღნიშნა რფ–ის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.