დავით ზალკალიანი: „რუსეთში საარჩევნო უბნების გახსნა სირთულეებთან არის დაკავშირებული“
საქართველო, 11 ოქტომბერი,
საქინფორმი. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რუსეთში საარჩევნო უბნების გახსნა რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული , – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ
დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, რუსეთთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, საარჩევნო უბნების გახსნა კი ძალიან ბევრ ორგანიზაციულ და უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება. “გარდა ორგანიზაციული საკითხებისა, არის უსაფრთხოების საკითხებიც. ასევე, ბოლო არჩევნები, რომელიც ჩატარდა რუსეთის ფედერაციაში, ეს იყო 2003 წელს და მაშინდელი ინფორმაციით, მხოლოდ 5 000 კაცი იყო აღრიცხვაზე. საუბარი იმაზე, რომ მილიონობით ადამიანი ვერ მიიღებს მონაწილეობას, არ არის სამართლიანი იქიდან გამომდინარე, რომ მილიონამდე ქართველს, რომელიც რუსეთში იმყოფება, იქიდან ძალიან ბევრს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი აქვს. არჩევნებში მონაწილეობას კი მხოლოდ ის პირები იღებენ, ვისაც აქვს საქართველოს პასპორტი და იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.