საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ამომრჩეველთან შეხვედრები სვანეთსა და ლეჩხუმში გამართა.
„იმისთვის, რომ მთავრობა ერთიან გუნდად წარმოჩინდეს და ის ცვლილებები, რაც 1 ოქტომბერს დავიწყეთ, გაგრძელდეს, უნდა ავირჩიოთ გიორგი მარგველაშვილი. არ მინდა, სვანებმა თავი შევირცხვინოთ, დავირაზმოთ 27 ოქტომბერს საქართველოს გაერთიანებისთვის, სიმშვიდისთვის, სოფლის მეურნეობის აღორძინებისთვის, საქართველოს ევროპულ გზაზე სამუდამოდ დაყენებისთვის“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანმა ლენტეხში მოსახლეობასთან შეხვედრაზე ასევე იხუმრა, რომ მოქმედ პრეზიდენტს „ორი პარასკევი“ დარჩა და მალე საქართველოს ახალი პრეზიდენტი – გიორგი მარგველაშვილი ეყოლება.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, „ქვეყნის მომავალი არის გიორგი მარგველაშვილი. „ქართულმა ოცნებამ“ ეტაპობრივად დაიწყო დაპირებების შესრულება და მალე ქართველ ხალხს მშვიდი, ნორმალური, განვითარებული პოლიტიკური ცხოვრება ექნება“.
„საგანგებო აქცენტი გავაკეთეთ იმ პოლიტიკურ მიმართულებებზე, რომლებიც ხელისუფლებას ქართული ოჯახის დაცვის თვალსაზრისით აქვს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.