საზოგადოება
სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების პეტიციას შესაძლოა მშვიდობიანი აქციები მოჰყვეს

1-saz-3-soCiსაქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების პეტიციას, შესაძლოა, მშვიდობიანი აქციები მოჰყვეს. ეს ხელმოწერების რაოდენობაზეა დამოკიდებული. პეტიციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციები უახლოეს დღეებში, მას შემდეგ, რაც ხელმოწერები შეგროვდება, აპირებენ კიდევ ერთხელ მიმართონ პრემიერს, ოლიმპიურ კომიტეტს და სპორტის სამინისტროს ოლიმპიადის ბოიკოტის მოთხოვნით.

პეტიცია არასამთავრობო ორგანიზაციების - "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" და "სამართლიანი არჩევნების" ორგანიზებით შემუშავდა, ორი დღის წინ კი მასზე ონლაინ რეჟიმში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

საქართველოს მოქალაქეების აზრით, რომლებიც პეტიციას უერთდებიან, დაუშვებელია სოჭის ოლიმპიადაში ქვეყნის მონაწილეობა მაშინ, "როდესაც რუსეთის ხელისუფლება სისტემატურად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას და ახდენს საოკუპაციო ზოლის გადმოწევას".

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმა იქნება გზავნილი მსოფლიო თანამეგობრობისადმი, რომ საქართველოს ხელისუფლება არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. პეტიციაზე ონლაინ-ხელმოწერა ნებისმიერს შეუძლია და მას უკვე 7.000–მა ადამიანმა მოაწერა ხელი.