ზაქარეიშვილი: „მხოლოდ მეჩირაღდნის გამო დაუშვებელია მივიღოთ გადაწყვეტილება სოჭის ოლიმპიადაში არმონაწილეობაზე“
საქართველო, 10 ოქტომბერი,
საქინფორმი. ხელისუფლებამ მხედველობაში არ უნდა მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების პეტიცია სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, - ამ წინადადებით მინისტრთა კაბინეტს მთავრობის უახლოეს სხდომაზე რეინტეგრაციის მინისტრი მიმართავს.
„არავითარ შემთხვევაში ამ პეტიციას არ უნდა ჰქონდეს გავლენა მთავრობის გადაწყვეტილებაზე. არის საკითხები, სადაც მთავრობამ უკეთ იცის, რა ხდება და ყველაფრის თქმა არ შეიძლება. მე მესმის პეტიციაზე ხელის მომწერების, პატივს ვცემ მათ. ჩვენთან არის სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, მათ აქვთ ამის გაკეთების უფლება. და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს, თუ რამდენად დიდი წნეხის ქვეშ არის საქართველოს მთავრობა არა მხოლოდ რუსეთის მხრიდან, რომელიც დაინტერესებულია, რომ ჩვენ არ მივიღოთ მონაწილეობა ოლიმპიადაში და ამისთვის მუდმივად ახორციელებს პროვოკაციებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც. მე მესმის მათი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ მეჩირაღდნის გამო ყოვლად დაუშვებელია მივიღოთ გადაწყვეტილება სოჭის ოლიმპიადაში არმონაწილეობაზე“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.