სამართალი
შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

1-sam-1-qrtamiსაქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი, 1955 წელს დაბადებული თამაზ შალვას ძე მაჩხანელი და ქრთამის აღებაში დამხმარე მოქალაქე, მცხეთის სპორტული სკოლის დირექტორის მოადგილე ვაჟა გ. დააკავეს.

დაკავებული თამაზ მაჩხანელი, შუამავალ ვაჟა გ-ს მეშვეობით და დახმარებით, კორუფციულ გარიგებაში შედიოდა პირებთან, რომლებსაც სურდათ მცხეთაში მშენებლობისათვის საჭირო ნებართვის მიღება და სამშენებლო სამუშაოების წარმართვა; იგი დაინტერესებულ პირებს ჰპირდებოდა, რომ სამსახურებრივ მფარველობას გაუწევდა და საშუალებას მისცემდა, კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ტერიტორიაზე მშენებლობა დაეწყოთ კანონით სავალდებულო სამშენებლო ნებართვისა და პროექტის დამტკიცების გარეშე, რისთვისაც მან მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს ქრთამის სახით 400 ამერიკული დოლარი აიღო.

გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.