პოლიტიკა
„უცნობი პუტინი“ - თბილისში ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

1-neiz-mtსაქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. 2013 წლის 9 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „BETSY’S HOTEL“-ის საკონფერენციო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიულმა მემკვიდრეობამ“ მის მიერ გამოცემული მორიგი წიგნის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც „უცნობი პუტინი“ ჰქვია.

წიგნი წარმოადგენს სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მასალების ნაკრებს, რომლებშიც მოთხრობილია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე და პირად ცხოვრებაზე, სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობებზე მისი მუშაობის დროს განხორციელებული პროექტების შესახებ, რომლებიც როგორც რუსეთის გაძლიერებისკენ, ასევე ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისკენ იყო მიმართული.

წიგნი „უცნობი პუტინი“ უნიკალურია იმით, რომ ეს –  საქართველოში გამოსული პირველი გამოცემაა ვლადიმერ პუტინზე ქართულ ენაზე. კრებულის სათაური - „უცნობი პუტინი“ – ნათლად მეტყველებს მისი გამოცემის მიზანზე: რაც შეიძლება სრულად და მართლად გააცნოს ფართო ქართულ საზოგადოებრიობას დიდი რუსეთის – მეზობელი სახელმწიფოს, საქართველოს ისტორიული მფარველის ხელმძღვანელის პიროვნება, რადგან ბოლო ათწლეულში, განსაკუთრებით 08.08.08 ომის შემდეგ რუსეთის ტელეარხების დაბლოკვის შედეგად, ქართველი საზოგადოება მხოლოდ ცრუ, საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ სათანადოდ დამახინჯებულ და  ცენზურაგავლილ ინფორმაციას იღებდა თანამედროვეობის საყოველთაოდ აღიარებული ლიდერის  და უდიდესი პოლიტიკოსის შესახებ, როგორადაც გვევლინება ვლადიმერ პუტინი. მაგრამ ყველაზე ინფორმირებული ინტერნეტ–მკითხველიც კი ამ წიგნში ბევრ საინტერესო, მისთვის აქამდე უცნობ ფაქტს და ინფორმაციას იპოვის, მაგალითად, ბოლო ათი წლის განმავლობაში  რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ცალკეული მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამეცნიერო ინტელიგენციის წარმომადგენლები - ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, პუბლიცისტები, ბეჭდური და ინტერნეტ–გამოცემების მთავარი რედაქტორები, პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები, ავტორიტეტული საზოგადო მოღვაწეები, სახელმწიფო მოხელეები და დიდი სამამულო ომის ვეტერანები. საქინფორმის კორესპონდენტი ზოგიერთ მათგანს გაესაუბრა.

ტარიელ გაგნიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობის“ თავმჯდომარე: წიგნში „უცნობი პუტინი“ თავმოყრილია სხვადასხვა (როგორც რუსული, ასევე ევროპული) გამოცემიდან ამოღებული მასალები. ჩვენ შევეცადეთ, წიგნში თავი მოგვეყარა ისეთი მასალებისთვის, რომლებიც ობიექტურად ასახავენ რუსეთის, როგორც სახელმწიფოს პოლიტიკას და რუსეთის პრეზიდენტის, როგორც ამ პოლიტიკის მთავარი გამტარებელი ფიგურის პიროვნებას.

წიგნის ქართულ ენაზე გამოცემა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ რუსული პოლიტიკისა და ვლადიმერ პუტინის შესახებ საქართველოში ძალიან მწირ და უკიდურესად ტენდენციურ ინფორმაციას ფლობენ. შეიძლება ითქვას, ინფორმაციის ერთადერთი თუ არა, ერთ–ერთი წყარო იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ქართულ საზოგადოებას ინფორმაციას დამახინჯებულად აწვდიდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, შეგვექმნა კრებული, სადაც თავმოყრილი იქნებოდა ვლადიმერ პუტინის პიროვნების შესახებ ბევრი, ქართული საზოგადოებისათვის უცნობი ინფორმაცია.

დღეს აღნიშნული წიგნი საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანეთ და შეფასებას მკითხველს მივანდობთ. 

ვალერი კვარაცხელია, პოლიტიკური პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ თავმჯდომარე: ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ზომბირებულია. დიდი ხანია ჩვენი ერის პოლიტიკურ-პროპაგანდისტული დამუშავება მიდის და ვისაც პოლიტიკა მსოფლმხედველობად კი არ აქვს გადაქცეული, არამედ რწმენის დონეზე ჰყავს აყვანილი, მათი გადარწმუნება ძალიან ძნელია.

ზოგადად მიმაჩნია, რომ ნებისმიერი წიგნი, თუ ის არ არის სატანისტური და ომისკენ მოწოდებებს არ შეიცავს, არ უნდა იდევნებოდეს.

რაც შეეხება გამოცემას „უცნობი პუტინი“, გეტყვით, რომ ვლადიმერ პუტინი მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოს ლიდერია და თანაც ისეთი, რომელმაც პრაქტიკულად შეცვალა არა მარტო რუსეთი, არამედ მსოფლიო. ის, რაც მან გააკეთა სირიასთან მიმართებაში, უდიდესი მიღწევაა და აბსოლუტურად დამსახურებულად არის წარდგენილი ნობელის პრემიაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წიგნი, რომელიც ვლადიმერ პუტინის შესახებ ინფორმაციების კრებულს წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ყველა გონიერი ადამიანისთვის საინტერესოა.

პეტრე მამრაძე, სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი: რუსეთის პრეზიდენტზე ძალიან ბევრი რამ იწერებოდა და იწერება. ჩვენ გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიც, სადაც იგი ქება-დიდებით მოიხსენიებდა ვლადიმერ პუტინს, რომელმაც, მისი თქმით, რუსეთში ხელისუფლების ძლიერი ვერტიკალი შექმნა. შემდგომ ეს რიტორიკა სრულებით შეიცვალა.

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტზე წიგნის გამოცემა, სადაც თავმოყრილია ალტერნატიული წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია, ძალიან კარგია, რადგან მკითხველს ეძლევა საშუალება, ერთგვარი შედარებები გააკეთოს და საკუთარი დასკვნები გამოიტანოს.

საქინფორმის კორ.: – როგორ ფიქრობთ, ქართული საზოგადოება როგორ მიიღებს აღნიშნულ გამოცემას?

– რუსეთ-საქართველოს შორის ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, სრულიად ბუნებრივია, საზოგადოების ნაწილის მხრიდან ემოციური თვალსაზრისით გამოცემამ ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვიოს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ თუ გვინდა,  ჩვენი ქვეყანა გადარჩეს, გადარჩეს საქართველოს დარჩენილი ნაწილი და სამომავლოდ საქართველოს გამთლიანების პერსპექტივა შეიქმნას, რუსეთთან ურთიერთობები უნდა მოვაგვაროთ. მე გავიხსენებდი თავად ვლადიმერ ვლადიმერის ძის სიტყვებს, სადაც მან აღნიშნა, რომ თუ ქართველები და აფხაზები ან ქართველები და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ოსები ოდესმე ერთ სახელმწიფოში ცხოვრებაზე შეთანხმდებიან, ეს მათი გადასაწყვეტიაო - პუტინმა ამ სიტყვებით ბევრი რამ თქვა, რაც ძალზე მნიშვნელოვანი და საგულისხმოა. ამიტომაც ჩვენ ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ და პრაგმატულად ვიმოქმედოთ. მოხარული ვარ, რომ  საქართველოს დღევანდელი მთავრობა არ ჰყვება ყალბ პატრიოტულ პროვოკაციებს და მოთმინებით, ფრთხილად დადის რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების გზაზე.

მიმაჩნია, რომ ქართულმა საზოგადოებამ სწორად უნდა შეაფასოს არსებული ვითარება. ამ კონტექსტში აღნიშნული წიგნის გამოცემა, ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ქართველი მკითხველისთვის.

ნანა დევდარიანი, გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი: წიგნი იწყება იმით, თუ რა ინფორმაცია ვრცელდება ქართულ ინტერნეტსივრცეში. იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ინტერნეტი ინფორმაციის წყაროა, შედის ვიკიპედიაში და ნახულობს მისთვის საინტერესო ინფორმაციას - ვლადიმერ პუტინის შესახებ ქართულ ვიკიპედიაში წერია მხოლოდ ის, რომ არის ეროვნებით რუსი, მართლმადიდებელი და რუსეთის პრეზიდენტი.

თუ ჩვენ დავუჯერებთ წინა რეჟიმს, რომელიც ამტკიცებდა, რომ პუტინი არის საქართველოს „ნომერი პირველი მტერი“, მაშინ როგორ შეიძლება შენი ქვეყნის „ნომერ პირველ მტერზე“ არანაირი ინფორმაცია არ გქონდეს?!

აღნიშნულ წიგნში ძალიან საინტერესო ფაქტები და გამონათქვამებია მოყვანილი და ძალიან კარგად არის რეტროსპექტივაში დანახული, თუ როდის რა ხდებოდა, ანუ როგორი ჩაიბარა რუსეთი პუტინმა და დღეს რა ვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი – სქელტანიანი არ არის, 400 გვერდი, მასში ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციაა თავმოყრილი.

ჩემი აზრით, წიგნი ძალიან დააინტერესებს ანალიტიკოსებს, რადგანაც ასე, ერთ წიგნად ამდენი ინფორმაცია რუსეთის მმართველის შესახებ ქართულ ენაზე აქამდე არ ყოფილა გამოცემული. გარდა ამისა, იგი პოლიტიკოსებისთვისაც იქნება საყურადღებო, რადგანაც სხვადასხვა მოვლენა დინამიკაში ძალიან საინტერესოდ არის განხილული. წიგნი დააინტერესებს იმათაც, ვინც რუსეთში დიდი ხანია არ ყოფილა და ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის, რადგანაც ჩვენი ტელევიზიებიდან მიღებული ცალმხრივი ინფორმაცია საკმარისი არ არის, რომ სრულყოფილი წარმოდგენა გქონდეს მეზობელ ქვეყანაზე, მის პოლიტიკაზე და მმართველზე.

წიგნს იმიტომაც ჰქვია „უცნობი პუტინი“, რომ მის შესახებ, როგორც პიროვნებაზე და სახელმწიფო ლიდერზე, ქართულმა საზოგადოება ცოტა რამ თუ იცის.

ნაპოლეონ ქარქაშაძე, აკადემიკოსი: აღნიშნულ წიგნს ქართული საზოგადოების ნაწილი დადებითად შეხვდება, ნაწილი კი უარყოფითად. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება დღეს ორად არის გაყოფილი. თუ ადამიანი საღად აზროვნებს, მიხვდება, რომ პუტინი არის ის კაცი, რომელიც უზარმაზარ ქვეყანას კარგად მართავს. ზოგს უნდა, რომ საქართველო ამ უზარმაზარ იმპერიას ეჭიდაოს. ვიღაცამ თქვა კიდევაც, რომ ჩვენ ქართული დროშა კრემლის თავზე უნდა ავაფრიალოთ - ეს ილუზიაში ცხოვრებაა. ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთის უზარმაზარ იმპერიას პეტრე პირველის მეფობის შემდეგ ომი არ წაუგია და ამ სახელმწიფოსი მსოფლიოში ყველას ეშინოდა. ჩვენ რატომ ვცდილობთ მასთან ჭიდაობას, ჩემთვის გაუგებარია. მიმაჩნია, რომ პუტინი არის უჭკვიანესი კაცი, რომელმაც რუსეთის იმპერია ელცინის მმართველობის შემდეგ ფეხზე დააყენა. ისიც უნდა ითქვას, რომ ვლადიმერ პუტინი არ არის ქართველთ მოძულე - ეს მან დაამტკიცა მაშინ, როდესაც საქართველოს პატრიარქს, მის უწმინდესობა ილია მეორეს უმასპინძლა და ნინო ბურჯანაძეს შეხვდა. მასთან საუბარი შეიძლება და ეს გონიერმა ხელისუფალმა უნდა გამოიყენოს. წიგნში, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტია მოცემული და იმედი მაქვს, საზოგადოება მის მიმართ დიდ ინტერესს გამოიჩენს.

1-neiz-1 1-neiz-2
1-neiz-3 1-neiz-4
1-neiz-5 1-neiz-6
1-neiz-7 1-neiz-8

1-neiz-21

1-neiz-10
1-neiz-11

1-neiz-22

1-neiz-13 1-neiz-14
1-neiz-15 1-neiz-16
1-neiz-17 1-neiz-18
1-neiz-19 1-neiz-20