აქტუალური
ნანა დევდარიანი: “ეს არის ერთადერთი პროგრამა, რომელიც მთლიანად ასახავს ამომრჩევლის მოთხოვნებს!”

aqtual2საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. ნინო ბურჯანაძის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის მერე ნანა დევდარიანმა ჟურნალისტებთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„დავიწყოთ იმით, რომ სხვა საპრეზიდენტო კანდიდატის პროგრამა მე, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვნახე. ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი პროგრამა, რომელიც მთლიანად ასახავს ამომრჩევლის მოთხოვნებს. ეს არის, პირველ რიგში:

სამართლიანობის აღდგენა, სამართლიანი სასამართლო და ზოგადად სამართლიანი სახელმწიფო. რაც მთავარია, მე ძალიან მომეწონა ის, რომ პროგრამა ჩინებული ქართულით არის შესრულებული. ქართული ენა არ შეიძლება დაიცვა იმით, რომ განაცხადო, რომ მე ვიცავ ქართულ ენას, ეს უნდა ჩანდეს შენს მეტყველებაშიც და შენს ნაწერშიც. პროგრამა არის სრულიად შესრულებადი, საკმაოდ დეტალურად არის გაწერილი, რა როგორ შეიძლება გაკეთდეს და ამდენად კითხვის ნიშნები აქ არ ჩნდება. ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რომ ამდენი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გაჟღერდა ისეთი კატეგორია, როგორიცაა სოციალური სამართლიანობა და სოლიდარობა. თუ სახელმწიფო ასეთი არ არის, მას დანიშნულება არ აქვს. სახელმწიფო თავისთვის არ არსებობს. ის არსებობს მოქალაქეებისთვის.“