პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი : „აჭარა იქნება სავიზიტო ბარათი ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოძმეებისთვის, თუ როგორი ქვეყნის შენება შეგვიძლია!“

politika1საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“  პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ამომრჩევლებთან შემაჯამებელი შეხვედრა ბათუმის ხელოვნების სახლში  გამართა.

ბათუმის საზოგადოებას კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველოს არა ევროპული ტიპის, არამედ ტიპიურად ევროპელი პრეზიდენტი ეყოლება გიორგი მარგველაშვილის სახით.

ბიძინა ივანიშვილმა ბათუმელებთან გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის პერიოდში განათლების სისტემაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზეც ისაუბრა. „ჩვენს მთავრობას წინასაარჩევნოდ სამი მთავარი პრიორიტეტი ჰქონდა: სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და განათლება. ყველაზე ნაკლები დაფინანსებით გიორგიმ მოახერხა, განათლების სისტემა მეტად ეფექტური გაეხადა, გარწმუნებთ, საქართველოს ეყოლება ყველაზე ღირსეული პრეზიდენტი“.

პრემიერ-მინისტრმა კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ღირსებებზეც ილაპარაკა: „ნუ ელოდებით ზეკაცს, ზეკაცი ვნახეთ უკვე – რა უქნა ქვეყანას. გიორგი ნაღდი კაცია, ძალიან განათლებულია, ძალიან ჭკვიანია, არ არის გამოკიდებული თანამდებობას.  ქვეყანას სწორედ გიორგისნაირი ძალიან დაბალანსებული  პრეზიდენტი სჭირდება“, - განაცხადა ივანიშვილმა.

კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ბათუმში შეკრებილ საზოგადოებას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო და ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა: „ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი სირთულის მიუხედავად, მოვახერხეთ პოლიტიკური პროცესი დღემდე მოგვეყვანა, 27 ოქტომბერს ჩვენ ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და დავასრულებთ კოჰაბიტაციის ნარჩენებს, ისე, რომ კონსტიტუციას  პრობლემა არ შეექმნება. ბიძინამ 2 წლის წინ დასახა რაციონალური გზა, რომელმაც გამარჯვებამდე მიგვიყვანა და ამ გზის გაგრძელებას ვაპირებთ არა ემოციით, არამედ გონებით“.

როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, 27 ოქტომბრიდან დაიწყება ახალი ქვეყნის შენება. 2014 წელი იქნება ბევრად უკეთესი,  საქართველოში ახალი ინვესტიციები შემოვა. 2015 წლიდან კი საზოგადოება დაინახავს ეკონომიკის საგრძნობლად გაძლიერებას.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ქვეყნისთვის აჭარის როლზეც ისაუბრა: „აჭარა იქნება მაგალითი ერთიანი საქართველოს შენების. აჭარა იქნება სავიზიტო ბარათი ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოძმეებისთვის, თუ როგორი ქვეყნის შენება შეგვიძლია!“.

კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ხვალიდან შეხვედრებს სამეგრელოში განაგრძობს.