აქტუალური
გავრცელდა ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ფარული ვიდეომასალა

1axalaia-aqt-1საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. კახეთის საინფორმაციო ცენტრი (ick.ge) სასჯელაღსრულების №7 დაწესებულებაში, ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებულ ფარულ ვიდეომასალას ავრცელებს. ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ შედიან ახალაიასთან ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრები, ასევე, დეპუტატი აკაკი მინაშვილი. ვიდეო მათთან საუბრებსა და ბრალდებულის ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ კადრებს მოიცავს. 
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ვიდეომასალა 2012 წლის ნოემბერშია ჩაწერილი და რამდენიმესაათიანია, თუმცა ცენტრმა მხოლოდ ფრაგმენტები გამოაქვეყნა.

ახალაიას ადვოკატი გიორგი ონიანის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს აუდიო-ვიდეო ჩაწერაზე სასამართლოს შესაბამისი ბრძანება არ გააჩნდა, რაც დანაშაულია. 
ვინაიდან სასჯელაღსრულებაში აცხადებენ, რომ ამ ჩანაწერებზე ინფორმაცია ჰქონდა მინისტრს, აქედან გამომდინარე, დანაშაული ჩადენილია მინისტრის ორგანიზებით. ვიდეოკონტროლი არის აბსოლუტურად სხვა რამ, ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, აბსოლუტურად სხვა", - განაცხადა ონიანმა. 
ახალაიას ადვოკატების განმარტებით, ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გავრცელებაზე ბაჩო ახალაია ციხიდან ოფიციალურ განცხადებას სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთებს.