პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები აჭარაში

1polit-3-adjaraსაქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრები გამართა აჭარაში, სადაც ქობულეთისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას შეხვდა. მარგველაშვილმა ამომრჩევლების პრობლემები მოისმინა და საპრეზიდენტო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.

პრეზიდენტობის კანდიდატი საზოგადოებას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წარუდგინა. ამომრჩევლებთან შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ კოალიციის ლიდერები: არმაზ ახვლედიანი, დავით ბერძენიშვილი, მურმან დუმბაძე და ფატი ხალვაში, აგრეთვე, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე.

„გიორგი მარგველაშვილი იქნება ყველას პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, 27 ოქტომბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ღირსეულ არჩევანს თავმდაბალი, ერთგული და სამოქალაქო კულტურის მქონე კანდიდატის სასარგებლოდ“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

„იყო სითბო, იყო მზაობა იმისათვის, რომ ამოვუდგეთ მხარში ერთმანეთს და მე ამ პოზიტივით გამსჭვალული ვტოვებ შეხვედრას მომავალი შეხვედრების იმედით“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

„ეს იქნება სრულიად სხვა ქვეყანა, ვიდრე ჩვენ გვინახავს. ეს არ იქნება რომელიმე პარტიის, რომელიმე ლიდერის ქვეყანა, ეს იქნება საქართველოს მოქალაქეების ქვეყანა. ეს იმას ნიშნავს, რომ 27-ში ჩემი არჩევით ძალაუფლება მე კი არ გადმომეცემა, არამედ უბრუნდება ხალხს - მათ, ვისაც ეს ძალაუფლება რეალურად ეკუთვნის,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღეს „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდება.