საზოგადოება
დვანსა და დიცში შექმნილ ვითარებას დიპკორპუსის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნობიან

1dvani-diciსაქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. დვანსა და დიცში შექმნილ ვითარებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ადგილზე  გაეცნობიან. ისინი სააგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან ერთად დღეს პირველად ხურვალეთში ჩავიდნენ.

დვანში მავთულხლართების დასამონტაჟებლად გამზადებული ბოძები კი რუსმა სამხედროებმა უკვე აიღეს. თუმცა, მათი ქმედების მიზეზები აქამდე უცნობია. ისინი ამ დროისათვის ისევ რჩებიან დვანში და პატრულირებას განაგრძობენ. ვითარებას ადგილზე აკონტროლებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებიც.

სოფელში სადემარკაციო ხაზთან ახლოს შეკრებილი არიან სოფლის მცხოვრებლები და ელოდებიან დიპლომატების ადგილზე ჩასვლას. მავთულხლართებს გადაღმა სამი ქართული ოჯახია დარჩენილი. ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრის თქმით, ხაზს გადაღმა დღეს დილიდან შეინიშნება რუსი სამხედრობის მობილიზება.

მივიღეთ ინფორმაცია საზღვრის ინტენსიური გავლების თაობაზე  ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან.  ამიტომ დიპკორპუსმა გადაწყვიტა, ადგილზე ნახოს და შეამოწმოს ეს ყველაფერი, რადგან საზღვრის გავლება ესაა ქმედება, რომელიც ხალხს გადაადგილებას უკრძალავს და ერთმანეთს აშორებს. როგორც შევიტყვეთ, მავთულხლართების გავლებით დაირღვა ადგილობრივი მაცხოვრებლების საკუთრების უფლება. გვინდა ყველაფერი ვნახოთ და შევამოწმოთ“, - განაცხადა ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ივან იესტრჟაბმა.

სოფელ დვანში „თბილისის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებმა დღეს იმ სამ ოჯახს, ვინც საკუთარი ხელით დაანგრია საცხოვრებელი სახლები რუსი სამხედროების ბრძანებით, კერძოდ, ზეკარიშვილების, მახაჭაშვილებისა და კორაშვილების ოჯახებს 14 მანქანა სამშენებლო მასალა ჩაუტანეს.