პუბლიკაციები
საქინფორმი: ივანიშვილის მთავრობის 5 ყველაზე უკეთესი და 5 ყველაზე უარესი მინისტრი

1ministrebi-po-1საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. 2013 წლის 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით საინფორმაციო–ანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით. სააგენტო ტელეფონით დაუკავშირდა 500–ზე მეტ შემთხვევით შერჩეულ რესპონდენტს, რომლებსაც საქართველოს დღევანდელი მთავრობის 5 ყველაზე უკეთესი და 5 ყველაზე უარესი მინისტრის დასახელება შევთავაზეთ. („500–ზე მეტი“ ნიშნავს, რომ იმ რესპონდენტთა აზრი, რომლებსაც 10 მინისტრის (5+5) დასახელება გაუჭირდათ, ან მინისტრებად არამინისტრები დაასახელეს, მაგალითად – მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, შეკითხვას არ უპასუხეს ან არასრულად უპასუხეს, გათვალისწინებული არ იქნა და გამოკითხვა 500 სრულფასოვანი პასუხის მიღებამდე გაგრძელდა).
გამოკითხვის შედეგების დამუშავების შემდეგ, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით, ყველაზე უკეთესი და ყველაზე უარესი მინისტრების ხუთეულები ასეთი თანმიმდევრობით გამოიყურება:

ყველაზე უკეთესი მინისტრები:

1. შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი – 298 რესპონდენტი;

2. ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი დავით სერგიენკო –  – 79 რესპონდენტი;

3. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია – 54 რესპონდენტი;

4. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი – 29 რესპონდენტი;

5. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი – 9 რესპონდენტი.

(31–მა რესპონდენტმა ხუთი საუკეთესო მინისტრის რიცხვში დაასახელა მინისტრთა კაბინეტის როგორც ეს, ისე სხვა წევრები, მაგალითად – თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია).

ყველაზე უარესი მინისტრები:

1. საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე – 237 რესპონდენტი;

2. სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი – 96 რესპონდენტი;

3. სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი – 69 რესპონდენტი;

4. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია – 52 რესპონდენტი;

5. იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე – 18 რესპონდენტი.

(28 რესპონდენტმა ხუთი ყველაზე უარესი მინისტრის რიცხვში დაასახელა მინისტრთა კაბინეტის როგორც ეს, ისე სხვა წევრები, მაგალითად – ხათუნა გოგალაძე, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი).