საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეშტონისა და რასმუსენის განცხადებებს მიესალმება
საქართველო, 3 ოქტომბერი,
საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ნატოს გენერალური მდივნის
ანდერს ფოგ რასმუსენის და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის
ქეთრინ ეშტონის განცხადებებს, რომლებიც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების გავლებას გმობს, - ამის შესახებ საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფასებს ევროკავშირისა და ნატოს, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი სახელმწიფოების მკაფიო პოზიციას საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განუხრელ მხარდაჭერას. საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მტკიცე საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების უკანონო დამონტაჟების აღკვეთისა და შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევის მიზნით”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.